სტოლტენბერგი – მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, ყველა მოკავშირე თანხმდება ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობაზე

ნატო-ში შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნოფმა და ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა იენს სტოლტენბერგს მათი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადები გადასცეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.

„ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ, ორივე ქვეყანამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად და მე მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, თქვენი ნატო-ში წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენი დღევანდელი განაცხადები ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განსაზღვრავენ თქვენი გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს.

ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე იმისთვის, რომ დავდოთ სწრაფი შედეგი. ყველა მოკავშირე თანხმდება ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უნდა დავიჭიროთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

წინა სტატიაშისენაკში არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური – გუშინ უკრაინის ტერიტორიაზე 685 ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს