ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ანუ 2034 წლამდე უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ნატოს სამიტის წინ, რომელიც ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება, სტოლტენბერგი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, რაც უფრო დიდი იქნება ეს მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება რუსეთის მიერ დაწყებული ომი.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში დროის გაწელვის სტრატეგიას ახორციელებს და მას დასავლეთის პოზიციის შერბილების იმედი აქვს.
„პუტინს იმედი აქვს, რომ ჩვენ დროით დავიღლებით. ჩვენ კი ის უნდა დავარწმუნოთ, რომ ამას ვერ მიაღწევს და ეს ომის დასრულების საფუძველს შექმნის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ის, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ვაშინგტონის სამიტზე განხილული არ იქნება, მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისტენმა განაცხადა. ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ მხოლოდ ნატოში გაწევრიანება მისცემს უკრაინას მშვიდობის უზრუნველყოფის გრძელვადიან პერსპექტივას.