სტოკჰოლმი: ქართული სამრევლო,  ფოლკლორის ანსამბლი  და საფეხბურთო გუნდი

1990 -იანი წლებიდან მოყოლებული 2023 წლამდე საქართველო  დაახლოებით ორმა მილიონმა თანამემამულემ  სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვა-დასახლდა  ევროპის, ამერიკის, აზიის  ქვეყნებში და სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში.  მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს  ისეთსავე გულანთებული პატრიოტები არიან, როგორც სამშობლოში დარჩენილები, რისი დასტურიც უცხოეთში მყოფ ან  იქ დაბადებულ ქართველთა ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და დამოკიდებულებაა.

დეკანოზი შიო და თ.პაჭკორია, სტოკჰოლმი

ბოლო წლებში ამ სტრიქონების  ავტორმა გამოაქვეყნა რამდენიმე სპეციალური სტატია (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე) ქართული დიასპორის წარმატებულ და აქტიურ წარმომადგენლებზე ლატვიაში,  ესტონეთში, ბელგიაში,ესპანეთში,  იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, აშშ-ში, ისრაელში,ნიდერლანდებში,  ბულგარეთში, უკრაინაში,  რუსეთში  და სხვა ქვეყნებში. დღეს გთავაზობთ სტატიას შვედეთში არსებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოზე, სტოკჰოლმში მოქმედ  მგალობელთა გუნდზე და  საქართველოდან  ემიგრანტთა საფეხბურთო კლუბზე.

მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ვიყავი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გასვლით მატჩებზე კაუნასსა (1 აგვისტო, ლიეტუვასთან) და რიგაში (5 აგვისტო, ლატვიასთან). ვისარგებლე რა შემთხვევით და რიგიდან ორი  დღით ჩავფრინდი სტოკჰოლმში, რათა გამეცნო შვედეთში მოქმედი ქართული სამრევლოს, ზემოაღნიშნული ანსაბლის და საფეხბურთო გუნდების წევრები, რომლის შესახებ გასულ წლებში მიყვებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი  შვედეთის სამეფოში, სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი  ბ-ნი მალხაზ კაკაბაძე ( 2016 წლის ივნისიდან  2021 წლის მარტამდე იყო საქართველოს ელჩი შვედეთში).

 

ქართული სამრევლო

არსებული მონაცემებით, ამჟამად შვედეთში ცხოვრობს  საქართველოდან ამ ქვეყანაში  მიგრირებული დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, მათი უმრავლესობა სტოკჰოლმშია. ამის შესახებ სტოკჰოლმში გვითხრა შვედეთში 2015 წლიდან მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურმა, დეკანოზმა  შიომ (შოთა ბიწკინაშვილი).   ის დაიბადა 1983 წლის  გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 2004 წელს თბილისში დაამთავრა სასულიერო სემინარია, სადაც სწავლობდა 2000  წლიდან. 2011 წელს ივანე  ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალ-პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა (ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირების სპეციალობა).  მამა შიო საუბრობს ქართულ, გერმანულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე, ჰყავს მეუღლე-თამთა ნასიძე და 3 ქალიშვილი-სარა, მართა და რუთი.

დეკანოზი შიო გვიამბობს :“2013 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოქტომბრის სინოდის სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის მიხედვით  ცურტაველ მიტროპოლიტს ვახტანგ ახვლედიანს დაევალა შვედეთში ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა. 2014 წლის იანვარში მიტროპოლიტმა ვახტანგმა დააფუძნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო შვედეთის სამეფოში და შეუდგა სასულეირო პირის მომზადებას, რომელიც იცხოვრებდა შვედეთში, ყოველ კვირას და დიდი საეკლესიო

დღესასწაულებზე აღასრულებდა ქართულ წირვას. 2015 წლის 22 თებერვალს მიტროპოლიტი ვახტანგის მიერ ხელდასხმული ვიყავი   მღვდლად თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესიაში და სახელად მეწოდა შიო. 2015 წლის 25 მარტში დავინიშნე   შვედეთში წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს მღვდელმსახურად და დამევალა ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება. შვედეთის სამეფოში პირველი სააღდგომო წირვა ქართულად აღევლინა 2015 წლის 12 აპრილს, იმავე წლის მაისში შვედეთის სამეფოში იურდიულად დარეგისტრირდა წმინდა გიორგის ქართული სამრევლო» (https://www.facebook.com/profile.php?id=100064717774879 )მამა შიო 2015 წლიდან  სტოკჰოლმში ცხოვრობს, მის მოვალეობებშიც შედის რეგულარულად აღავლინოს ღვთისმსახურება კვირა დღეს და საეკლესიო დღესასწაულებში,მშობლიურ ენაზე აუხსნას და ასწავლოს ბიბლია ქართველებს, ეკლესის საშუალებით მუდამ იყოს კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მშობლიურ ენასა და ისტორიასთან. 2016 წლის 2 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის ილია II -ის მიერ, მამა შიო დაჯიდლოებლი იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 2019 წლის 30 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სტოკჰოლმის დანდერიდის ეკლესიაში, მიტროპოლიტი ვახტანგის მიერ დეკანოზი შიო დაჯილდოებული იქნა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

 

დეკანოზი შიო და თ.პაჭკორია შვედეთის სამეფოს პარლამენტში(რიკსდაგი)

დეკანოზი შიო და თ.პაჭკორია შვედეთის სამეფოს პარლამენტში(რიკსდაგი)დეკანოზი  შიო აღნიშნავს, რომ „2017 წლიდან სამრევლო ხდება შვედეთის სახელმწიფოს რელიგის საბჭოს წევრი». «შვედეთის სამეფოში ქართული სამრევლოს განვითარებაში და გადაწყვეტილების მიღებაში მიტროპოლიტთან და მოძღვართან ერთად ჩართულია სამრევლოს მუდმივ მოქმედი საბჭოს 7 წევრი, 2015 – 2020 წწ სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე იყო კახაბერ სოლოღაშვილი, ხოლო 2020 წლიდან დღემდე – ბექა თამაზაშვილი.  სამრევლოს ფინანსური ხელშეწყობა დაფუძნებულია სამრევლო შემოწირულობაზე და შვედეთის სახელმწიფო დახმარებაზე»-განაცხადა დეკანოზმა შიომ.  მან გვამცნო, რომ  «2021 წლის ნოემბრიდან ქართულ სამრევლოში შვედეთში დაინიშნა მეორე სასულიერო პირი, მღვდელმსახური მამა ნიკოლოზი(ნიკოლოზ გუბაევი, ჭაბუკობაში რამდენიმე წელი თამაშობდა  ქუთაისის საკალათბურთო გუნდებში და ახლაც ძალიან უყვარს კალათბურთი -ავტორი) , რომელიც თითქმის ორი წელია იმყოფება სტოკჰოლმში და აქტიურად არის ჩართული სამრევლოს მოღვაწეობაში».

დეკანოზმა გვაცნობა, რომ «ქართული სამრევლოში წირვებს  სტოკჰოლმში  ყოველ კვირას ესწრება 50-70  ადამიანი,ჩვენ  ეკლესიასთან  და სამრევლოსთან ურთიერთობს და გვეხმარება  დაახლოებით 350-400 ადამიანი».  უკვე ერთი წელია წირვები მიმდინარეობს სტოკჰოლმის დანდერიდის ეკლესიაში, რომელიც 10 წლით მინიმალური საიჯარო ფასით გადაეცა ქართულ  სამრევლოს. მანამდე კი წირვები ტარდებოდა სტოკჰოლმის ლუთერანულ ეკლესიაში.

დეკანოზმა შიომ ხაზი გაუსვა იმას, ქართული სამრევლო თანამშრომლობს საქართველოს საელჩოსთან შვედეთში. «სტოკჰოლმში ყოფნის პირველ წლებში მე ვიგრძენი შვედეთში საქართველოს ელჩის ბ-ნ მალხაზ კაკაბაძის დიდი მხარდაჭერა, მან ხელი შეგვიწყო სამრევლოს ჩამოყალიბებაში, დამკვიდრებაში  და განვითარებაში, დიდი მადლობა ბ-ბ-ნ მალხაზს. ბოლო ორი წელი  შვედეთში საქართველოს ელჩია ბ-ნი ირაკლი ხუცურაული, რომელანაც ვთანამშრომლობთ. ბ-ნი ირაკლი ძალიან გვეხმარება, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას, მადლობა მას»- ამბობს ქართული სამრევლოს მღვდელმსახური.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ დეკანოზი შიო იყო მიწვეული შვედეთის ბოლო მოწვევის პარლამენტის (რიკსდაგის)  გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე 2022 წლის სექტემბერში -ამ ცერემონიას სულ სამი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ -შვედეთის ლუთერანული, ანგლიკანური და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის.

 

ქართული ფოლკლორის და გალობის ანსამბლი   

 

ქართული ფოლკლორის და გალობის ანსამბლი  «ალილო»

სტოკჰოლმში მოქმედებს მგალობელთა გუნდი , რომლის ხელმძღვანელია  სოხუმში 1989 წელს დაბადებული და თბილისში გაზრდილი თემურ  პოტასკაევი.  სტოკჰოლმში ყოფნის დროს დეკანოზმა შიომ შემახვედრა  მგალობელთა ჯგუფის წევრებთან, რომლებმაც შეასრულეს ქართული საგალობელი.

თ. პოტასკაევმა მითხრა: „სოხუმში დავიბადე, მამაჩემი დავით პოტასკაევი პედაგოგად მუშაობდა სოხუმში,დედა მანანა გობეჯიშვილი-სოხუმში მუშაობდა საკონდიტრო ფაბრიკაში.

ქართული ფოლკლორის და გალობის ანსამბლი  «ალილო»

ომი რომ დაიწყო (1992-93 წლების  რუსეთ-საქართველოს ომი – ავტორი) სამი წლის ვიყავი, ომის შემდეგ ჩვენი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა,  სიონის სამრევლო სკოლაში (ხელმძღვანელი  ლია სალაყაია)  დავიწყე ქართული ფოლკლორის და გალობის შესწავლა,  წლების შემდეგ აღმოვჩნდი სამების საპატრიარქო გუნდში და შვედეთში სწავლის გაგრძელებამდე თბილისში, სამებაში ვგალობდი,  2013 წლიდან სტოკჰოლმში ვცხოვრობ.  აქ 2015 წელს დავაარსეთ ქართველ მგალობელთა გუნდი, ჯერ გვქონდა ტრიო – მაკა ჩლაიძე, ლელა ჯავრიშვილი და მე, შემდეგ გუნდი გაიზარდა, ამჟამად  17 ადამიანია. ჩვენ  გუნდს ჰქვია ქართული ფოლკლორისა და გალობის ანსამბლი «ალილო» (https://www.facebook.com/profile.php?id=100082819810465 )  ,  რომელიც  ქართულ სამრევლოს წიაღში დაიბადა და აქვე თანაარსებობს, გალობით ვცდილობთ გავალამაზოთ ქართული წირვა“.

 

ქართული ფოლკლორის და გალობის ანსამბლი  «ალილო»

თემომ გამაცნო ანსამბლის ის წევრები, რომლებმაც იმ დღეს სტოკჰოლმში შეძლეს ტაძარში მოსვლა – ემა გოგუა, მაკა ჩლაიძე, ლელა ჩალაძე, ნუცა ბურდული, თიკო სამსიანი, ნინო ლატარია, თამთა ნასიძე. ანსამბლი ატარებს აგრეთვე კონცერტებს შვედურ ეკლესიებში და საღამოებში, ასრულებს ქართულ საგალობლებს და კლასიკურ ნაწარმოებებს .

 

სტოკჰოლმში  ქართული საფეხბურთო გუნდი „იბერია“

 

სტოკჰოლმი, ქართული საფეხბურთო გუნდი «იბერია»

შვედეთში ქართული სამრევლოს ერთ-ერთი აქტიური წევრია ქარელში დაბადებული (1981) და ნახევრად სვანეთში  გაზრდილი მარადი კოზანაშვილი, რომელიც 2008-2013 წლებში საბერძნეთში ცხოვრობდა, ხოლო 2014 წლიდან დღემდე – სტოკჰოლმში.

ბ-ნი მარადი ჩვენთან საუბარში ამბობს: „მე ოსი კაცი ვარ, ქარელში დაბადებული და სვანეთში გაზრდილი, რადგან დედაჩემი დარეჯან გუჯეჯიანი სწორედ რომ სვანეთიდანაა, მულახის თემიდან, ბავშვობაში ვიყავი გატაცებული მკლავჭიდით და ჭიდაობით, თუმცა, ამასთანავე ვარ ქართული ცეკვების ქორეოგრაფი, სპორტი და ხელოვნება ძალიან მიყვარს და ყოველთვის დიდი როლი ეკავა ჩემს ცხოვრებაში.

სტოკჰოლმი, ქართული საფეხბურთო გუნდი «იბერია»

ასეა ეხლაც, მე და სტოკჰოლმში მცხოვრებ მეგობრებს საქართველოდან  ძალიან გვიყვარს ფეხბურთი, განსაკუთრებით გამოვარჩევ გიორგი მარგიანს და გოგი კარტოზიას, სწორედ მათი ინიციატივითა და თანადგომით 2018 წელს  დავაარსეთ   საქართველოდან შვედეთში საცხოვრებლად გადმოსულ ემიგრანტთა საფეხბურთო გუნდი „იბერია“.Მონაწილეობა გვაქვს მიღებული შვედეთის სხვადასხვა ტურნირებში, ხოლო 2020 წელიდან გუნდი ოფიციალურად ასპარეზობს სტოკჰოლმში სამოყვარულო ლიგის ტურნირებში, თანაც  საკმაოდ წარმატებულად და 2022 წლის სტოკჰოლმშის სამოყვარულო ლიგის გამარჯვებულებიც გავხდით».

მარადი აღნიშნავს, რომ მათ  გუნდში «თამაშობენ ემიგრანტები  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, განსხვავებული ასაკის და  ეროვნების  ფეხბურთელები, მათ შორის დევნილები სოხუმიდან».»ესენი არიან გიორგი ჭინჭარაული , მამუკა არაბული, გაგა არაბული, ლუკა პაპუნაშვილი, დავით გლოველი,ლაშა ზაქაიძე, ლაშა ბელთაძე, გიორგი გაბუნია (ბელთაძე და გაბუნია წარმოშობით არიან  სოხუმიდან-ავტორი),ვიტალი მჭედლიშვილი,პავლე ცხოვრებაშვილი,ლევან ლემონჯავა,გიორგი მაჭარაშვილი,ნიკა ბადრიშვილი,ამიკო ბეგიაშვილი,ზაური ბერიანიძე, დაჩი ჭინჭარაული, ვაკო ზენიაშვილი,გიორგი ცერცვაძე, ლუკა მეშველაშვილი,ჩვენი გუნდის უანგარო მწვრთნელები არიან ბექა გოგვაძე და გივი გურგენიძე, Სწორედ ამ გულანთებული  ბიჭების დამსახურებაა, რომ «იბერიამ»  გარკვეულ წარმატებებს მიაღწია შვედეთში, ხოლო მწვრთნელების დაუღალავმა  მუშაობამ განაპირობა ის მიდგომა და სულისკვეთება გუნდში, რაც ყველას ასე გვახარებს»-აცხადებს მ. კოზანაშვილი.

მან   გაგვაცნო სტოკჰოლმში მცხოვრები 18 წლის  ფეხბურთელი ლუკა მეშველაშვილი, Რომელიც დაიბადა (11.09.2004) და გაიზარდა თბილისში, თამაშობდა  «ავაზაში», თბილისში  ცხოვრების დროს იყო დაჯილდოვებული როგორც რამდენიმე  ტურნირის  (2016-2017 წწ) საუკეთესო ფეხბურთელი, ერთერთი ტურნირის შემდეგ ის დააჯილდოვა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

მ. კოზანაშვილი და თ.პაჭკორია, სტოკჰოლმი

ბოლო 5 წელი ლუკა მშობლებთან ერთად ცხოვრობს  სტოკჰოლმში. თამაშობდა ჭაბუკთა სხვადასხვა გუნდებში, ამჟამად კი თამაშობს შვედეთის მესამე დივიზიონის  პირველი „ა“ ჯგუფის გუნდში „Syrianska Eskilstuna IF“ https://www.facebook.com/SyrianskaeskilstunaIF?mibextid=LQQJ4d ძირითად შემადგენლობაში, არის მარცხენა შემტევი, თუმცა ზოგჯერ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს.

რასაკვირველია,  ერთ მასალაში ვერ ავღწერდი შვედეთში ქართული სამრევლოსა და დიასპორის მოღვაწეობის ბევრ  საინტერესო ასპექტს, ორ დღეში მოვასწარი გაცნობა სამრევლოს მღვდელმსახურებთან და რამდენიმე აქტიურ წევრთან. მომავალში ვაპირებ თვალი მივადევნო  შვედეთში ქართული დიასპორის სხვა საინტერესო ისტორიებს.

 

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – ხაზარაძე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს