,,სტოკჰოლმის სინდრომის,, ქართული რეალობა

,,სტოკჰოლმის სინდრომის,, ქართული რეალობაბევრმა ჩვენთაგანმა ალბათ იცის, თუ რას წარმოადგენს ,,სტოკჰოლმის სინდრომი,, , რომელსაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ დაავადებადაც განიხილავენ და მისგან განსაკურნებლად, ფსიქოლოგების ჩარევა ხდება საჭირო. ამ სინდრომის ყველაზე გავრცელებული და ზუსტი განმარტება ასეთი გახლავთ : ,,სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.,,
ხსენებულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ , ბანკის შენობაში შეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცი (ბანკის მენეჯერი) იყვნენ. მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის ბრონირებულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტსა და მანქანას. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებს და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. იმდენად უჩვეულო, რომ ოპერაციის დასრულებისა და დამნაშავეების დაკავების შემდეგ ბანკის მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და მათზე დაინიშნენ კიდეც.
ზემოთ აღწერილი მოვლენა, რომელსაც ,,სტოკჰოლმის სინდრომი,, ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება არაერთგვაროვანია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც ქვეცნობიერში არსებულ დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ფსიქოანალიტიკოსმა ანა ფროიდმა (ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი) აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა.
როგორც დრომ გვიჩვენა, ,,სტოკჰოლმის სინდრომი,, არა მხოლოდ ბანდიტებისა და ტერორისტების ტყვეობაში ხანგრძლივი პერიოდით ნამყოფ ადამიანებს, არამედ ტყვეობაში ნამყოფ და აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის საზოგადოების ნაკლებად ჯანსაღ ნაწილსაც შეიძლება შეეყაროს, იმ განსხვავებით, რომ, თუ სტოკჰოლმის შემთხვევაში აგრესორი უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა მსხვერპლთან, ქვეყნისა და საზოგადოების მაგალითზე, აგრესორი დისტანციურად, ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს კომუნიკაციას მსხვერპლთან, თუმცა მსხვერპლი აგრესიას ისევე გრძნობს, როგორც სტოკჰოლმის შემთხვევაში. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი საზოგადოებაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთხელ ყოფილა, როგორც გარე მტრის, ასევე საკუთარი ვაიხელისუფლებების აგრესიის მსხვერპლი და მიუხედავად განხორციელებული აგრესიისა, არც შიდა და არც გარედან მოძალადეს, არ აკლდა გულშემატკივარი ჩვენს საზოგადოებაში.

გარე თუ შიდა მტრის გულშემატკივართა შორის, ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომელთა ქმედებებს მერკანტელური მოტივაცია ქონდა და ისინი რა თქმა უნდა ,,სტოკჰოლმის სინდრომის,, მატარებლად ვერ ჩაითვლებიან, მათ ალბათ მოღალატეები შეიძლება უწოდო… მაგრამ იყვნენ და არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც რეალურად მსხვერპლად უნდა წარმოვიდგინოთ, განხორციელებული იმ აგრესიისა, რომელმაც მათი ქვეყანა და ის საზოგადოება დააზარალა, რომლის წევრები თვითონაც არიან… თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი გაუცნობიერებლად სოლიდარულები არიან აგრესორების მიმართ, მათში ხედავენ როგორც თავიანთი, ასევე საზოგადოებისა და ქვეყნის გადარჩენის შანსს და მათთან, როგორც დადებით მოვლენასთან, ახდენენ იდენტიფიკაციას. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება აგრესორის მიმართ, არ არის ნაკარნახევი ვინმეს და მითუმეტეს საზოგადოებისათვის ზიანის მოტანის სურვილით, არამედ ნაკარნახევია შიშით და გადარჩენის სურვილით მოტივირებული, დაცვითი ირაციონალური რეაქციებით. თუ მსხვერპლი, აგრესორთან ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად წარმოიდგენს, რომ აგრესორი სიმპათიურია, მასთან საერთო ენის და ინტერესების გამონახვა შეიძლება, მასთან აკეთებს იდენტიფიკაციას, ქვეცნობიერად ის რწმუნდება, რომ აგრესიის დროს უვნებელი გადარჩება. როცა აგრესორსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობში, კომუნიკაციის მსგავსი ჰუმანიზაცია იჩენს თავს, ეს უტყუარი ნიშანია ,,სტოკჰოლმის სინდრომისა,,
ყოველგვარი პერსონალიზაციის გარეშე, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აგრესორთან ჰუმანურ კონტაქტში სურს იყოს, და ამასთანავე მას თვითგადარჩენის და არა გამორჩენის ინსტიქტები ამოძრავებს, ალბათ მკურნალობა ჭირდება, თუმცა ამას მასობრივი ფსიქოთერაპია ვერ უშველის ალბათ… ამ საქმეს, რაციონალური ეროვნული იდეებით აღჭურვილი, საზოგადოებისა ჯანსაღი ძალების გაერთიანება და იდეოლოგიური თერაპიით, არაჯანსაღი სინდრომებისა და ვირუსებისაგან საზოგადოების განკურნება, თუ უშველის მხოლოდ! სამწუხაროდ, ერთ დროს უშიშარ ქართულ საზოგადოებას, დღეს ძირითადად შიში მართავს, შიდა თუ გარე აგრესორთან მიმართებაში, შიში, რომელიც ,,სტოკჰოლმის სინდრომის,, ქვეცნობიერად განმაპირობებელი სტიმულატორია. შიშით ვდგამთ ნაბიჯებს, შიშით ვაკეთებთ განცხადებებს და ამას რაციონალურ პოლიტიკას და დიპლომატიას ვეძახით, ისე რომ საერთოდ არ გვახსენდება რუსთაველის სიბრძნე ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,,!

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტის კიდევ ერთი სიმბოლო…
შემდეგი სტატიათურქეთმა მძიმე ტერაქტი აღკვეთა