სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს – ხიდეშელი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამუშაოებში ჩართული ყველა უწყება.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია. 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

როგორც ონის მერმა აღნიშნა, საძიებო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

„პრიორიტეტული ლოკაციები არის პირველ ეტაპზე შერჩეული, სადაც შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მინერალური წყლის, კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენლებმა გზა გაჭრეს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო განლაგებული. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, სადაც ბოლოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

ამასთან, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქია ყველასთვის მოულოდნელი იყო.

„ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს მდინარე შეტანილი არ არის ღვარცოფულ მდინარეთა შორის და, სამწუხაროდ, სტიქიის პირველივე დღიდან გარკვეული პირების მიერ ამ თემებზე სპეკულირება ხდება. მინდა, მათ მოვუწოდო, სპეკულაციებს თავი დაანებონ, მთავარია გვერდით დავუდგეთ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაღუპულები არიან“, – აღნიშნა ონის მერმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური საგამოძიებო სამსახური შსს-ს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს მოუწოდებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია მოსკოვის კლინიკაში მოათავსეს