სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

„ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვისცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს. სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატები ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინას პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის – ჯეიკ სალივანი
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ იურიევიჩ ცოკოვი ლიკვიდირებულია