სტიქიის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა. მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებს და სტიქიის შედეგად ის განმეორებით დაზიანდა.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ინტენსიურად წვიმს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. წყლის დონის დაწევასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყება წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: რომ გითხრათ, უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი კვლევის მოლოდინი გვქონდა, ასე არ არის
შემდეგი სტატიასკანდალი-ხვალ „ქრონიკა+“-ში იმ ადამიანის სახელი და გვარი, ასევე, ტელეფონის ნომერი გამოქვეყნდება, ვინც ელისაშვილს მესიჯებს უგზვანიდა