წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას ნაკადი მინიმუმდე შემცირდა, რასაც მოსახლეობა ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.
გუშინ ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსსა და წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა.
ცუდი ხილვადობის გამო ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება ვერ მოხერხდა.
ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, საცხოვრებელ სახლებს გარიდებოდა.
ამ წუთებში, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელები იმყოფებიან, მაგრამ ხეობაში დიდი ნისლის გამო ისევ ვერ ხერხდება ტერიტორიის დათვალიერება.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღის მეორე ნახევრში ჯვარზენიდან მოხდება ვერტმფრენით დათვალიერება. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. კოკისპირული წვიმის მიუხედავდ მდინარე მაგანას ნაკადი ისევ შემცირებულია.