თელავში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავის ხევი ადიდდა, რამაც ქალაქის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის გამო კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს.
ხევის კალაპოტის გარღვევის შემდეგ, წყალმა გადაფარა ქუჩები, დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები.
დაზიანებულია მრავალი ავტომობილი. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ზარალის დათვლასა და მოსახლეობის დახმარებას ახორციელებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
















