7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სტარმერი: დიდი ბრიტანეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ზეწოლას არ დაემორჩილება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათანხმდება აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესყიდვას და რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მხარი აღარ დაუჭირა, რათა ბრიტანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

სტარმერმა ხაზი გაუსვა გრენლანდიასთან დაკავშირებით „მშვიდი დისკუსიის“ მნიშვნელობას და მიანიშნა, რომ არ სურს აშშ-სთან სავაჭრო ომის ესკალაცია მას შემდეგ, რაც ტრამპი დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ტარიფებით დაემუქრა, თუ ისინი აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენას არ დათანხმდებიან.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არ შეცვლის თავის პოზიციას, რომ გრენლანდიის მომავალი მისმა მოსახლეობამ და დანიამ უნდა გადაწყვიტოს.

„მე არ დავნებდები, დიდი ბრიტანეთი არ დათმობს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით ტარიფებით მუქარის პირობებში და ეს ჩემი მკაფიო პოზიციაა“, – განუცხადა სტარმერმა კანონმდებლებს და დასძინა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი ხვალ, 22 იანვარს, ლონდონს ეწვევა.

მისივე თქმით, ტრამპმა ჩაგოსის კუნძულების შესახებ მავრიკთან მიღწეული შეთანხმება იმიტომ გააკრიტიკა, რომ „მას სურს, პოზიცია დავთმო და ამას არ ვაპირებ“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ჩაგოსთან დაკავშირებით ისეთი სიტყვები გამოიყენა, რომლებიც განსხვავდებოდა მისი წინა მისასალმებელი და მხარდაჭერის გამომხატველი სიტყვებისგან. მან ეს სიტყვები გუშინ გამოიყენა იმ მიზნით, რომ ჩემზე და ბრიტანეთზე ზეწოლა მოეხდინა გრენლანდიის მომავალზე ჩემს ღირებულებებსა და პრინციპებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, კვლავ მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერში ვეთანხმებით აშშ-ს. თუმცა უგუნურებაა, ვიფიქროთ, რომ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა აშშ-სთან, მივატოვოთ უკრაინა და სხვა მრავალი რამ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისთვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვისთვის“, – განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მიერ გასული წლის მაისში დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფო ინდოეთის ოკეანეში მდებარე მის ზღვისიქითა ტერიტორიას – ჩაგოსის არქიპელაგს – მავრიკს გადასცემს. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ არქიპელაგის უდიდესი კუნძულზე – დიეგო გარსიაზე – მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ბაზა დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მინიმუმ 99 წლის განმავლობაში დარჩება. ვადის ამოწურვის შემდეგ შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 40 წლით და შემდგომი დამატებითი პერიოდით.

ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა „უდიდესი სისულელე“ იქნება და რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც აშშ-მა გრენლანდია უნდა შეიძინოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატია“კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს, გახსოვდეს, მარკ” – ტრამპი კანადის პრემიერს