თურქეთში უკვე ჩავიდნენ აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები, თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ შეხვედრაზე უკრაინის საკითხის განხილვას არ გეგმავენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება მხოლოდ ის საკითხები, რაც უშუალოდ, რუსეთსა და აშშ-ს უკავშირდება.
კრემლის პრესსპიკერმა ასევე, განაცხადა, რომ ევროპელები ხშირად თავად გადიან დემოკრატიის იმ სტანდარტებიდან, რასაც რუსეთს უწესებენ. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თითქოს ევროპის ქვეყნებმა გადახედეს თავიანთ დამოკიდებულებას რუსეთის აქტივების მიმართ: “თენდენცია მაინცდამაინც საიმედო არ არის”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვისგან განსხვავებით, უკრაინის შესახებ საუბარს არ მორიდებია კრემლის კიდევ ერთი გამოკვეთილად მჭევრმეტყველი ფიგურა სერგეი ლავროვი, რომლის სიტყვები მოჰყავს “ალფა სიხშირეს”:
“რუსებმა და ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა ააშენეს ოდესა, სხვა ქალაქები, პორტები, ქარხნები, ნაგებობები, და ეს ყველაფერი კიევის რეჟიმმა, რომელიც ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, გადაწყვიტა, წაეშალა ხალხის მეხსიერებიდან,” — განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.