სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
„მე უარვყოფ ბრალდებებს. გამოძიება მიმართულია ცილისწამებისა და დანაშაულის ფაბრიკაციისკენ და საქმეში არ არის ლოგიკური, სამართლებრივი ან დამაჯერებელი ასპექტი“, – განაცხადა იმამოღლუმ.
სტამბოლის მერმა აღნიშნა, რომ დაიცავს საკუთარ თავს, იბრძოლებს მისი კანონიერი უფლებებისთვის. ამასთან, იმამოღლუს თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„სინამდვილეში ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე აქ ვიმყოფები, არის პოლიტიკური ჩარევისა და ბრძოლის მოდელი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიწყო. ახლა მე ვდგავარ მთავრობის წევრების მხრიდან ჩარევის გარკვეული ფორმის წინაშე, ისინი არ სცემენ პატივს ხალხის ნებას“, – აღნიშნა იმამოღლუმ.
ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.