ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებსა და ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება. იგი მმართველ გუნდში დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებს 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებსა და სტალინურ „საჩვენებელ სასამართლოებს“ ადარებს.
“კამენევ-ზინოვიევი რომ დაიჭირა სტალინმა და საჩვენებელი სასამართლოები მოუწყო 1936 წელს, მას ამ საქმეში მხარს ნიკოლაი ბუხარინი უჭერდა. სტალინმა, დახვრეტის წინ, კამენევ-ზინოვიევს მისი მოკავშირე ბუხარინის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინა – ეგო ჩვენთან ერთად ქმნიდა ანტისაბჭოთა ჯგუფსო. ამის გამგონე ბუხარინი გადაირია კამენევ-ზინოვიევზე, მაგათი ასე და ისე, სწორედ რომ დასახვრეტები იყვნენო.
გავიდა აქედან ერთი წელი და კამენევ-ზინოვიევის მიერ “ნაღიარები” ბრალდებები წაუყენეს ბუხარინს. ამან დაიწყო “ბრძოლა” – შიმშილობა გამოაცხადა. აქედან რომ არაფერი გამოვიდა, ხვეწნის წერილებზე გადავიდა – სტალინს შევედრებას სთხოვდა. ბუხარინი დახვრიტეს. მანამდე, კამენევიც, ზინოვიევიცა და ბუხარინიც სტალინს უჭერდნენ მხარს ტროცკის განადგურებაში.
ეს ღარიბაშვილის დღევანდელ წერილზე გამახსენდა, მდინარაძეს რომ გაუხსნა ცეცხლი, რომელსაც მანამდე ღარიბაშვილისთვის გაუხსნია ცეცხლი და ამის პარალელურად, კიდევ ერთი უგალოვნიკი (ამათ ამბავს ეს რუსული ტერმინი შეესაბამება), რომეო მიქაუტაძე უგალოვნიკ ლილუაშვილზე რომ იძლევა ჩვენებას – ფული ამასთან მიმქონდაო.
ამავე სცენიდან არის ქოცის ბიდლო, რომელიც გაზეთ “პრავდას” კითხულობს (იგულისხმე ტელეიმედი) და ხარობს პარტიისა და ქვეყნის წარმატებით, ჩაქოლვასაც შეუთვლის ცენტრალური ხაზის არ გამტარებლებს.
გული მერევა”,_ წერს ბექა კობახიძე.