სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ პროექტებისთვის სერვისის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური პარტნიორი და კომპანიის სერვისების მიმწოდებელი გახდა. მხარეებს შორის შეთანხმებას დღეს, 21 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მოეწერახელი. დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია გლობალურ პროექტებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელშეწყობით განახორციელებს.

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მულტინაციონალური ტექნოლოგიური კორპორაცია სპეციალურ შეთანხმებას დებს ადგილობრივ ორგანიზაციასთან და საკუთარი პროექტების განხორციელებისას იყენებს მის კომპეტენციას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის მსგავს პრაქტიკას კორპორაცია „მაიკროსოფტი“ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს, რაც სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე მომუშავე წარმატებული ორგანიზაციის, აღიარებას ნიშნავს.

თავის მხრივ, სააგენტოს გაფორმებული შეთანხმებით საშუალება ეძლევა, ჩაერთოს პარტნიორი კორპორაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა გლობალურ პროექტში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელ ირაკლი გვენეტაძის თქმით, ხელშეკრულების გაფორმებით კორპორაცია „მაიკროსოფტი“ აღიარებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხსა და უნიკალურობას:
„შეიძლება ითქვას, რომ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობის უპრეცედენტო მოდელს, როდესაც ისეთი კორპორაცია, როგორიც „მაიკროსოფტია“, თანხმდება, გამოიყენოს ადგილობრივი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, რესურსი და კომპეტენცია საკუთარი გლობალური პროექტების განხორციელების პროცესში. ეს ნიშნავს, რომ „მაიკროსოფტი“ აღიარებს ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მაღალ კომპეტენციას, და სურს, საკუთარ პროექტებში გამოიყენოს ამ პროდუქტებზე მუშაობის ჩვენეული გამოცდილება. აქ საუბარია ჩვენი სააგენტოს მიერ შექმნილ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ტექნოლოგიური გადაწყვეტა − მოქალაქის პორტალი (MY.GOV.GE), ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS), მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მოდელი და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტები ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ზოგადად, ასეთი ფორმის თანამშრომლობა ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ საქართველოში შექმნილი ელექტრონული მმართველობის ტექნოლოგიური გადაწყვეტები გლობალურ ბაზარზე გავიტანოთ და დავამკვიდროთ“, −განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.

სააგენტოსთანთანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა „მაიკროსოფტის“ კორპორაციული სერვისების დირექტორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში:
„კორპორაცია „მაიკროსოფტი“ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, დღევანდელი შეთანხმება კი, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.

ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კომპანიისა და ინსტიტუციისთვის სანდო პარტნიორს წარმოვადგენთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ვთვლით, რომ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს „მაიკროსოფტის“ სერვისებთან დაკავშირებული სხვადასხვა გლობალური პროექტის წარმატების საქმეში“, −განაცხადალორან დანიკანმა.
„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კორპორაცია „მაიკროსოფტთან“ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2014 წელს კი, „მაიკროსოფტმა“ უწყება მნიშვნელოვან პარტნიორთა შორის დაასახელა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ სპეციალური ვიდეორგოლიც მოამზადა.
„მაიკროსოფტის“ პროექტებში ჩართვას „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მიმდინარე წლიდან გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი : ლოცვა, რომელიც დღეს წარმოვთქვით, სასწაულს მოახდენს
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსმა ზუგდიდის მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნო