“ჩვენი ქვეყნის რეალობა არის ის, რომ მათ შორის ყველა სახელმწიფო უწყება და სუს-იც არის გადაქცეული, ფაქტობრივად, ოლიგარქის პირადი მომსახურების დაწესებულებად”, – ასე ეხმაურება “ლელოს” დეპუტატი ვაშინგტონში სუს-ის ხელმძღვანელის ვიზიტს.
სამადაშვილის შეფასებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ლილუაშვილი აშშ-ში ჩასულიყო ივანიშვილის პირადი დავალების შესასრულებლად.
ოლიგარქისგან მიტაცებულ სახელმწიფოზე ჩვენ რომ გვესაუბრება დასავლეთიო და გვეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია არის საჭირო, სწორედ ეს იგულისხმება, მათ შორის ის, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ჩასულიყო ვაშინგტონში ივანიშვილის პირადი დავალების შესასრულებლად და არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის დასაცავად. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც კოორდინირებულად მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა ივანიშვილის ინტერესების მომსახურებისთვის, ჩვენ რეალურად, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ ხდება სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება ივანიშვილის პირადი ინტერესების მომსახურებისთვის,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.
ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა ქართულ ოცნებას? – სუს-ი დღეს იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ სპეცსამსახურების შეფი საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.