CBS News-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ.
გამოცემა ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმირებულმა წყარომ მედიას უთხრა, რომ ეჭვმიტანილს არ უთქვამს, რომ მისი სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. მათივე ცნობით, თავდამსხმელმა მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახსენა.
26 აპრილს ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა – თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს ტრამპი, მელანია ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ტრამპისა და მისი მეუღლის ევაკუაცია მაშინვე მოხდა. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა.
Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში იარაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის შეაჩერა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა, თუმცა მას დამცავი ჟილეტი ეცვა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კორესპონდენტთა ყოველწლიური ვახშამი 30 დღეში გაიმართება.














