29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სროლა ქურდიანის ქუჩაზე და აივნიდან გადავარდნილი დაჭრილი — შსს-მ 2 პირი დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო, ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენ უნდა მივაღწიოთ ირანის ქცევის რეალურ ცვლილებას