24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სქურის პროექტი დღის წესრიგში — წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული ცვლილებები იწყება

რეგიონების განვითარების მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი, ნაწილი უკვე მიმდინარეობს კიდევაც. ამჯერად “თაიმერის” ყურადღება წალენჯიხაში მიმდინარე, თუ განსახორციელებელმა პროექტებმა მიიპყრო, რომლის ნაწილობრივ ჩამონათვალს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა აქვეყნებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც პოლიტიკოსი პირად გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან გვამცნობს, ის გახლავთ, რომ წალენჯიხის არსებობის ისტორიაში, სხვადასხვა პერიოდში მუნიციპალიტეტისა, თუ რეგიონის ხელმძღვანელების მხრიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირველად გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ სქურის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალიური ინფორმაციის გამოქვეყნება, ირაკლი ზარქუამ ზაფხულისთვის დააანონსა.

სხვა ბევრ მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, კიდევ ერთი დასასიხარულო სიახლე, ქალაქის ცენტრში უახლოეს მომავალში დაგეგმილი იუსტიციის სახლი მშენებლობაა, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გაიმარტივონ ყველა ის პროცედურა, რომლისთვისაც ქალაქიდან გასვლა და დამატებითი ხარჯების გაწევა უწევდათ.

ირაკლი ზარქუას “ფეისბუკ-პოსტს” “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო წალენჯიხელებო,

მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ან უახლოეს პერიოდში დაიწყება. ჩემი მიზანია, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს რა კეთდება დღეს და რა იგეგმება ხვალ წალენჯიხის განვითარებისთვის.

📌 გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ნაწილის შესახებ:

1. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა – 600 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე შენობა. პროექტირების არქიტექტურული ნაწილი მაისი-ივლისში სრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და ზაფხულში დაიწყება მშენებლობა.

2. იუსტიციის სახლი (ქალაქის ცენტრში) – პროექტირება დასრულებულია. მიმდინარეობს მიწის დაზუსტება და რეგისტრაცია. ტენდერი სავარაუდოდ ივნისში გამოცხადდება, და მშენებლობაც შესაბამისად ზაფხულში დაიწყება.

3. ობუჯის 12 კმ გზა – გზის პირველი ფენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მაისში დასრულდება. პრობლემური მონაკვეთის გამო შეიცვალა მილები და მოეწყო სადრენაჟო სისტემა, რათა გზა იყოს მდგრადი და ხარისხიანი.

4. სოფელი ნაკიფუ (ულურიას ქუჩა) – გზის დაგება აქტიურად მიმდინარეობს.

5. სოფელი საჩინო – მიმდინარეობს ახალი ამბულატორიის მშენებლობა.

6. ქალაქი ჯვარი – მიმდინარეობს ახალი ამბულატორიის მშენებლობა.

7. წალენჯიხის ბულვარი – სრული რეაბილიტაცია.
8. გრანელის პარკი – სრული განახლება.
👉 ორივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება და სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება.

9. ქალაქ წალენჯიხის წყალმომარაგება – მიმდინარე პროექტია და სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს სრულად დასრულდება.

10. სოფელი ჯგალი – წყალმომარაგების პროექტი დასრულების ფაზაშია და სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.

11. მულტიფუნქციური ცენტრი (სტადიონის მიმდებარედ) – პროექტირების ეტაპზე.

12. სტადიონის რეაბილიტაცია და ახალი მოედნის მოწყობა – ასევე პროექტირების ეტაპზე.

13. სქურის გზა – ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეები გვაქვს, რომელსაც ზაფხულში ოფიციალურად გაგიზიარებთ.

ძვირფასო მოქალაქეებო,
ამ ჩამონათვალს შეგნებულად გიზიარებთ კონკრეტული ვადებით, რადგან სამწუხაროდ კვლავ აქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მინდა მკაფიოდ განვაცხადო — თითოეული ეს პროექტი რეალურია და ეტაპობრივად ხორციელდება.

ყოველდღიურად ვარ კომუნიკაციაში შესაბამის სამინისტროებთან და წალენჯიხის მერიასთან, რათა თითოეული საკითხი სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს. გვყავს ძლიერი და ერთიანი გუნდი როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში, და მინდა მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო აქტიურობისა და ჩართულობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო:

▪️ იუსტიციის მინისტრს — ბატონ პაატა სალიას და მის პროფესიონალ გუნდს;
▪️ ინფრასტრუქტურის მინისტრს — ბატონ რევაზ სოხაძეს ;
▪️ ჯანდაცვის მინისტრს — ბატონ მიშა სარჯველაძეს ;
▪️ რეგიონული განვითარების მინისტრს — ბატონ კახა გულედანს;
და განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს — ბატონ ირაკლი კობახიძეს,
რომელიც არის თითოეული ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერს პარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “თაიმერი” უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველლს პარლამენტის წევრ, ირაკლი ზარქუასთან.

banner
წინა სტატიაშიხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა