33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სქურის გზა — პროექტი, რომელსაც შეუძლია წალენჯიხის მომავალი შეცვალოს

წალენჯიხისთვის სქურის გზა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის. ეს არის გზა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ათწლეულებია ელოდება და რომლის მნიშვნელობა გაცილებით სცდება ასფალტის დაგებას. საუბარია პროექტზე, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს რეგიონის ტურისტული, ეკონომიკური და სოციალური პერსექტივა.
სქური თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული ადგილებითა და ტურისტული პოტენციალით ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა სამეგრელოში. თუმცა, წლების განმავლობაში სწორედ მოუწესრიგებელი გზა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება ვერ ხერხდებოდა. რთული გადაადგილება აფერხებდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე ტურისტების, ინვესტორებისა და მეწარმეების ინტერესს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი, ხოლო წლის ბოლომდე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. თუ ეს ვადები შესრულდება და პროექტი ბოლომდე განხორციელდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წალენჯიხაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულა.
სქურის გზის მოწესრიგება ნიშნავს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების უკეთ დაკავშირებას, ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი ბიზნესების გაჩენის შესაძლებლობას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ყოველთვის ნიშნავს მეტ ვიზიტორს, მეტ ინვესტიციას და მეტ შესაძლებლობას.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. სქურის გზის მშენებლობაზე წლების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა ვერც ერთმა ხელისუფლებამ მისი რეალურად განხორციელება ვერ შეძლო. ამიტომ დღეს საზოგადოება მხოლოდ დაპირებებს აღარ ელოდება ადამიანები კონკრეტულ შედეგს ელიან.
თუ სექტემბერში მართლაც გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე სამუშაოებიც დაიწყება, ეს იქნება იმის დასტური, რომ მრავალწლიანი დაპირება რეალურ პროექტად იქცა. ხოლო თუ პროექტი სრულად დასრულდება, ის ნამდვილად შეიძლება შეფასდეს როგორც ისტორიული მნიშვნელობის საქმე არა მხოლოდ სქურისთვის, არამედ მთლიანად წალენჯიხისთვის.
როდესაც ხელისუფლება ასრულებს ისეთ დაპირებას, რომელსაც წლების განმავლობაში ვერავინ ახორციელებდა, ეს იმსახურებს აღნიშვნას. კარგ საქმეს პოლიტიკური შეფასება არ სჭირდება თუ სქურის გზა რეალურად აშენდება, მის შედეგს ყველაზე კარგად ადგილობრივი მოსახლეობა, ტურიზმი და მომავალი თაობები იგრძნობენ

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი ირაკლი კობახიძეს: ევროინტეგრაციაზე ბევრს საუბრობთ, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ყველაზე კარგად ბიუჯეტი ადარებს ხელისუფლებას
შემდეგი სტატია“სად არის იაფი ხორცი და პროდუქტები?”-დაჯი კოვზირიძე პრემიერს