,,სპორტული ობიექტები განადგურების პირასაა” – ლაშა დვალიშვილი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

„პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას სახელმწიფო ბალანსზე არსებული სპორტულ ობიექტებზე არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორებას სთხოვს. ამის შესახებ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა დვალიშვილმა განაცხადა. დვალიშვილის თქმით სპორტული ობიექტები განადგურების პირასაა მისული. ამის მაგალითი კი ერთ-ერთი უდიდესი ხობის სპორტული კომპლექსია, რომელიც უყურადღებოდაა მიტოვებული და ადგილზე ანტისანიტარიაა.

„საქართველოში სახელმწიფო ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტები განადგურების პირასაა მისული. ამის ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია ხობის სპორტული კომპლექსი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ უდიდეს ბაზად ითვლებოდა ფაქტიურად განადგურებული და გამოუსადეგარია. 1983 წელს გახსნილი ხობის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყო ცენტრალური სტადიონი, სტანდარტული ზომის სავარჯიშო მოედნები, სპორტული დარბაზი, კოშკურიანი აუზი, პატარა ზომის ორი აუზი, ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და საცხოვრებელი კორპუსი დღეს ანტისანიტარიისა და ეპიდემიის კერად არის ქცეული. ხობის ცენტრში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც საწვრთნელ შეკრებებს არამარტო ქართველი სპორტსმენები, არამედ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ატარებდნენ დღეს ყველასგან უყურადღებოდ და უპატრონოდ არის მიტოვებული და მიგდებული. ამ სავალალო ვითარების გამოსწორებაზე არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლება ფიქრობს და ზრუნავს.“ – განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: გუბაზ სანიკიძე გაცილებით ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე თვითონ ჰგონია
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯას მოითხოვენ