სპორტსმენი, რომელის სკოლაში სპორტის გამოცდის გამო გერმანიაში შეჯიბრებაზე ვერ მიდის

13521779_1323835037631015_18641917_nგუშინ ფეისბუქზე რამდენჯერმე დამხვდა ერთი ქალბატონის მოწერილი წერილი, ერთად საიტზე ვერ ვხვდებოდით, ვიგრძენი რაღაც უჭირდა და ნომრის დატოვება ვთხოვე. საღამოს მართლაც დამხვდა ნომერი და დავურეკე.
ეს ქალბატონი ეთერ მაისურაძეა, აქვე გეტყვით, რომ პირადად არასდროს მინახავს, მხოლოდ სოციალური ქსელით ვიცნობ. სანამ მოგიყვებით რა მითხრა ქალბატონმა, გეტყვით, რომ ის სოციალურად დაუცველი 6 შვილიანი ოჯახის დიასახლისია. მეუღლეს და ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, საკმაოდ უჭირთ, მაგრამ შეჰხარიან შვილებს და ცდილობენ სიყვარულით შეუვსონ ის დანაკლისი, რაც მატერიალურად აქვთ. ბავშვებს უფროსების პატივისცემას და ზრდილობას ასწავლიან. ქალბატონი ეთერი ისე ნერვიულობდა და ისე უკანკალებდა ხმა, მივხვდი ტირილს ძლივს იკავებდა.
-„ჩემი გოგო, მარიამ ეგაძე ბატუტზე ხტომაში მედლების მფლობელია, პირველი ადგილები აქვს მოპოვებული სხვადასხვა შეჯიბრებებში, კედელი სავსეა მისი ჯილდოებით და სიგელებით. ახლა გერმანიაშია მიწვეული 7 სპორტსმენთან ერთად, გზის ხარჯი მთლიადან გერმანიის ჰუმანიტარულმა ფონდმა დაფარა, ბილეთიც ხელში გვაქვს, ვერ აგიწერთ რა ბედნიერი იყო ბავშვი.
-რატომ -იყო? ახლა აღარ უხარია? მოხდა რამე?
-მოხდა ის, რომ ვეღარ მიფრინავს. სკოლაში ექსტერნი აქვს და დირექტორმა, თუ არ ჩააბარებს, კლასში ჩარჩებაო.
-რა საგანში?
-სპორტში?
-კიდევ გამიმეორეთ, რაში?
-დიახ, სპორტში. საქმე ისაა, რომ მარიამი დიღმის ბოლოს რომ სპორტ-კომპლექსია იქ დადის ვარჯიშზე, ჩვენ ვაზისუბანში ვცხოვრობთ და ხშირად უწევს ბოლო გაკვეთილის გაცდენა, არადა ბოლო უმეტესად ფიზკულტურა აქვთ. ადრე უთხრა მასწავლებელმა უკვე 20 არა გაქვს და უკვე აზრი არ აქვს, აღარ იარო გაკვეთილზეო, მერე კი კიდევ 20 არა მიუმატებია და ახლა ექსტერნი აქვს. მე ვთხოვე დირექტორს ან 22-ში გადმოეტანა, ან გერმანიიდან ჩამოსვლის მერე დაენიშნათ. ბავშვი 5 ივლისს ჩამოვიდოდა გერმანიიდან. ვეღარ ვუყურებდი ჩემი შვილის ნერვიულობას, დედა ვარ და გული მიკვდება ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. მერე გავიგე, რომ დირექტორს შარშან ასე გადმოუწევია ექსტერნი ერთი პედაგოგის შვილისთვის და ამითი შეგულიანებული ისევ მივედი სათხოვნელად. მითხრა-რესურსცენტრს მიაკითხეთ, მე არაფერ შემიძლიაო. მერე რესურსცენტრში წავედი, ყველა შეწუხდა, მაგრამ ვერავინ დამეხმარა, ეს მხოლოდ დირექტორს შეუძლიაო, ისე კი განათლების სამინისტროში მიდითო გვითხრეს და ჩვენც წავედით. სამინისტროში ვის შეხვდები, დაბლიდან მალაპარაკეს ვიღაცას, ისე განერვიულებული ვიყავი, წესიერად ვერაფერი გავიგე, იქიდან წამოსულმა გადავწყვიტე ჩვენი საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი აბუსერიძეს შევხვედროდი. ისიც სპორტსმენია და იქნებ რამე მიშველოს-თქო. ხვალ უნდა შევხვდე, მერე კი არ ვიცი, რატომ, მაგრამ თქვენ მოგწერეთ. ძლიან განიცდის ბავშვი, თუ რამე შეგიძლიათ, იქნებ დამეხმაროთ“-მითხრა ქალბატონმა.

საათს შევხედე, შუაღამე გადასული იყო, ერთადერთი რაც პირველი მომაფიქრდა, ოთარ აბესაძისთვის მეკითხა როგორ შეიძლებოდა ბავშვის დახმარება. ოთარმა მითხრა, რომ ექსტერნის თარიღები მინისტრის ბრძანებითაა დანიშნული და მხოლოდ სკოლის დირექტორს შეუძლია მისი შეცვლა. ეს მისი პრეროგატივააო.
სიმართლე გითხრათ, ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე, იქნებ კანონს ვარღვევთ და…მაგრამ როგორც კი წარმოვიდგინე რამდენჯერ ირღვევა ეს კანონები…მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ეს ბავშვის სასარგებლოდ კეთდებოდა, თან მარიამი ხომ კიდევ ერთხელ გაიტანდა საქართველოს სახელს საზღვრებს გარეთ. წარმოიდგინეთ დედამისის მდგომარეობა-ერთის მხრივ უყურებს შვილის განცდას და მეორეს მხრივ ისმენს გერმანული ფონდის აღშფოთებულ საყვედურებს…
ეს ყველაფერი წუხელ იყო, ამ დილით ქალბატონმა ეთერმა რომ დამირეკა, უკვე საკრებულოში იყო და დეპუტატს ელოდებოდა. დრო ძალიან ცოტა რჩებოდა, როდის მივიდოდა დეპუტატი არ ვიცოდით. უსუსურობა და სიბრაზე ერთად მიპყრობდა, მერე სოსო მანჯავიძეს დავურეკე და მოკლედ ავუხსენი რაში იყო საქმე. ახლავე გადავრეკავ აბუსერიძესთანო მითხრა და მართლაც დარეკა. ამ დროს ქალბატონი უკვე დეპუტატს პირისირ იჯდა. მისი კაბინეტის დატოვების შემდეგ, ქალბატონმა ეთერმა დამირეკა და მითხრა, რომ დეპუტატმა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან შუამდგომლობა გაატანა და წავიდნენ დედა-შვილი საკრებულოში.
-„ძალიან თბილად შემხვდნენ, ქალბატონი თამარი შეხვედრაზე იყო, მაგრამ მესმოდა ტელეფონში, როგორ განიცდიდა ისიც და მისი მოსაუბრეც. დავტოვეთ წერილი და წამოვედით. არ ვიცი რა იქნება, დრო მიდის, ჩემი შვილი უკვე აღარაფრად არ ვარგა, ცრემლებად არის ქცეული, ნეტავ პასუხი როდის იქნება, მეტი აღარ შემიძლია“-მითხრა ქალბატონმა და მეც, რადგან თამარ ტალიაშვილს ვერ დავუკავშირდი, ისევ სოსო მანჯავიძეს დავურეკე და ვუთხარი-შუამდგომლობა ჩააბარა და იქნებ რამე მაინც გაიგოთქო.

ცოტა ხმის მერე ისევ ვესაუბრე ქალბატონ ეთერს, მითხრა თამარ ტალიაშვილის კომისიიდან ბატონი დავითი (გვარი ვერ დაიმახსოვრა, ისეთი აღელვებული იყო) მოვიდა, წერილი მოიტანა და მითხრა, რომ განათლების სამინისტროს მიმართესო. ეს ბატონი დავითი ისე თბილად ესაუბრებოდა, ისე გულთან ახლოს მიუტანია ბავშვის წუხილი, დედა-შვილი ცოტა დაწყნარებულან, ის კი არა, ისიც მითხრა, არარ მჯეროდა, თუ ასეთი ადამიანები კიდევ იყვნენო, მაგრამ შიშობდა, ვაითუ პასუხი დაგვიანდესო. გავიგე ის, რომ წერილი ლია გიგაურის სახელზე იყო გაგზავნილი, ვერც მას დავუკავშირდი, სანამ კიდევ რამეს მივიფიქრებდი, ისევ შემეხმმიანა ქალბატონი და მადლობებით რომ დაიწყო საუბარი, მივხვდი რაღაც კარგი ხდებოდა.

-„ახლა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვი მიდისო. თუ დრო გაქვთ, ბავშვს უნდა ლაპარაკი.
მერე მარიამი მელაპარაკა, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ამ ბავშვის ემოცია-სიცილი, ტირილი, სიხარული, გაოცება-ყველაფერი ერთად იყო მასში. მთხოვა ყველასთვს მადლობა მეთქვა მისი სახელით ვინც კი გულთან ახლოს მიიტანა მისი წუხილი. ბედნიერი იყო მარი და მგონი მასზე ბედნიერი ვიყავი მე-რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალა ერთობაშია. პირველივე, რაც გავაკეთე სოსო მანჯავიძეს სმს მივწერე, რადგან ვიცოდი როგორ აღელვებდა ბავშვის ბედი და როგორ ბრაზობდა, რომ სპორტსმენს, პირველი ადგილის მფლობელს სპორტში ექსტერნის გამო არ შეეძლო გერმანიაში წასვლა და ჩვენი ქვეყნის სახელის კიდევ ერთხელ „კარგად გატანა“. სოსოსგან პასუხი მივიღე, ისიც გახარებული იყო…მაგრამ ხანმოკლე გამოდგა ყველას სიხარული, როგორც გაირკვა, დირექტორმა დაურეკა მარიამის დედას და რამდენიმე საბუთის მიტანა მოსთხოვა, თან უთხრა-მარიამის გულისთვის ექსტერნი 23ივნისს დილის 10 საათზე გადმოვიტანეო. საოცრება-ვითომ მადლი გააკეთა და იმდენი პილპილი მოაყარა….ექსტერნი 10 საათზე დანიშნა, თვითმფრინავი კი გამთენიისას მიფრინავს. საბუთების ხსენებაზე ბავშვს ისევ მიეცა იმედი, წავიდნენ დედა-შვილი საბურთალოზე, იქიდან დიღომში, მერე ისევ საბურთალოზე. ფონდში უთხრეს, ყველა საბუთი გაქვთ, ბილეთიც და მეტი რა უნდა დავწეროთ, ვერ ვხვდებითო, გერმანელები უკვე წავიდნენ და აქ მხოლოდ ისინი არიან, ვისაც ბავშვები მიყავსო. უკვე 7 საათი ხდებოდა, არადა საბუთები სკოლაში 6 საათამდე უნდა მიეტანათ. გასავათებულმა დამირეკა ქალბატონმა ეთერმა:
-„ყველაფერი მაქვს, ის ახალი რაღაც ცნობა რომ მომთხოვა დირექტორმა, ხვალამდე არ იქნება, უკვე არაფერი გამოდის, სულ ტყუილად შეგაწუხეთ ამდენი ადამიანი, გთხოვთ, ყველას მადლობა უთხარით ჩემი სახელით. მეშინია, ისეა გადაკიდებული დირექტორი და სპორტის პედაგოგი, ექსტერნის გაცდენის გამო კლასში არ ჩატოვონ. მარიამი კი გადამყავს სხვა სკოლაში, მაგრამ მეორე ბავშვი ხომ ისევ იქ რჩება და მეშინია არ დამეჩაგროსო. ბოლო თხოვნა მაქვს-იქნებ მარის დაელაპარაკოთ, სჯერა თქვენი და იქნებ ცოტა დამშვიდდესო.
როგორც შემეძლო დავაწყნარე, ისეთი გაბრაზებული ვიყავი, სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს, მაგრამ რაღაც ძალა დამეხმარა და შეძლებისდაგვარად დავაწყნარე. მერე ბავშვი ატირდა, აქ მეც დამიმთავრდა მოთმინება და მასთან ერთად ვტიროდი. ისიც არ ვიცოდი მარის კითხვაზე-სხვებს ხომ უკეთებს, ნუთუ მხოლოდ ჩემზე ირღვეოდა კანონიო-რა მეპასუხა. მერე ისევ სოსო მანჯავიძე ავაწრიალე, ვინმესთვის ხომ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, თორემ სკდებოდა გული, ასე უსუსურად თავი პირველად ვიგრძენი, რადგან საქმე 15 წლის ბავშვს ეხებოდა და მე ვხედავდი, როგორ კარგავდა ის ყველაფრის რწმენას.
მერე სოსოც ესაუბრა მარის მშობელს.

ახლა დამირეკა ქალბატონმა ეთერმა და მითხრა, რომ გადაწყვიტეს ბავშვი მაინც გაემგზავროს.

-„ძალიან მეშინია დირექტორმა კლასში არ ჩატოვოს, მაგრამ იმისიც მეშინია დარდს არ გადაყვეს, მისი მეგობრები უკვე აეროპორტში არიან, იმედი მაქვს იმ საბუთის მიტანის მერე დირექტორი არ ჩამიტოვებს კლასში. ხალისი თავადაც არ აქვს, თან უხარია და თან ეშინია-სკოლაში რა მოხდებაო. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით ბატონ სოსო მანჯავიძეს, ასე გულთან რომ მიიტანა ჩემი გოგოს ტკივილი. აეროპორტში სურათებს გადავუღებ. ახლა ხატების კუთხესთან დგას და სანთელს ანთებს. მეც მჯერა, რომ უფალი აუცილებლად გაუნათებს გონებას მის პედაგოგებს“-მითხრა და აეროპორტში წავიდნენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ზუსტად მასე მოვიქცეოდი, დირექტორის გასაგონად კი მინდა ვთქვა, რომ აშკარად ჩანს პირადი დამოკიდებულება, სხვასთან და სხვა დროს თუ იყო შესაძლებელი, რატომ მარიამის დროს არა? კიდევ იცით რა მიკვირს, ასეთი მოსწავლე გყავს, პირველ ადგილებზე გადის, მუდამ წარმატებას აღწევს და ნუთუ არ გეამაყება? ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ თემაზე დაწერილ სტატუსს. ყველა კომენტარი მარიამის სასარგებლოდ იყო. აქამდე არ დამიწერია არც სკოლა და არც დირექტორის სახელი და გვარი, მითუმეტეს რომ წუხანდელიდან მოყოლებული კომენტარებში ყველა ითხოვდა გამემხილა, ახლა კი დავწერ- ეს ამბავი თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მოხდა, დირექტორი კი ნანა ნასიძეა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მე მას პირადად არ დავკავშირებუვარ, მაგრამ თუ სურვილი ექნება თავისი პოზიცია გააცნოს საზოგადოებას, მზად ვარ მისი კომენტარიც მოგაწოდოთ -ეს როგორც ჟურნალისტმა, როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, როგორც დედა-მხოლოდ ერთს ვეტყვი, რომ მის საქციელს გამართლება არ აქვს, ისევე როგორც სპორტის პედაგოგის, ქალბატონი ციცოს საქციელს და მე, როგორც დედა, არ ვისურვებდი ასეთი პედაგოგები ჰყავდეს ჩემს შვილს!-კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არა ჟურნალისტის პოზიცია.

ქეთი მიქაძე

banner
წინა სტატიაშიჩვენ არც გვჭირდება და არც გვეშინია “რუსთავი 2”-ის
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე:რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება