სპელეოლოგების სკანდალური პროგნოზი

13616245_1145279138828919_506559952_oკოტიანეთში კირქვის საბადოს ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია, ეკის მთა მთლიანად ჩამოიშალოს

რა მეთოდებით მოიპოვებენ კირქვას და რა საფრთხე ემუქრება ეკის მთაში აღმოჩენილ უნიკალურ მღვიმეებს

«მოხდება რელიეფის ზედაპირის დეფორმაცია, დაბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ნაკადები, სასმელად გამოყენებული წყაროები, განადგურდება ნიადაგმცენარეული საფარი, შეიცვლება წყლების ცირკულაციის პირობები, დაშრება მთის მრავალი ანკარა წყარო. კარიერებში აფეთქებები გამოიწვევს არსებული სიღრმული რღვევის და მისი თანმხლები ტექტონიკური ნაპრალების გააქტიურებას და ეკის მთის ნგრევას», _ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვარაუდობენ მეცნიერები იმ შემთხვევაში, თუკი სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ კოტიანეთში კირქვის მოპოვება დაიწყება. სპელეოლოგების მტკიცებით, საფრთხე შეექმნება უნიკალურ მღვიმეებსაც, რომლებიც ეკის მთის სიღრმეში, სულ რამდენიმე წელია აღმოაჩინეს და რომელთა კვლევა, დასრულებული ჯერ არ არის. «ვერსია» ჟურნალისტური გამოძიების მორიგ სტატიაში იმის გარკვევას შეეცადა, რა მეთოდით ხდება 21- საუკუნეში კირქვის მოპოვება, რა პრობლემებს შეუქმნის კოტიანეთს და ზოგადად სენაკს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დალუქული კირქვის კარიერის გახსნა და რა პროგნოზს აკეთებენ სპელეოლოგები.   

კოტიანეთში თითქმის ყველამ იცის, რომ მთა, სადაც კირქვის კარიერია და საიდანაც, კირქვის მოპოვებაზე ლიცენზია უკვე გაცემულია, მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. «ეს მთა წყალზე დგას», _ ამ ფრაზას სოფელში, არაერთისგან მოისმენთ და აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემაც დაგვიდასტურა, რომ «სენაკი მიწისქვეშა წყლებითაა მდიდარი. სენაკში კირქვის კარიერის ამოქმედება კი, პრობლემას შეუქმნის იქ არსებულ წყლებს და ვერავინ გათვლის, რა კატაკლიზმებს გამოიწვევს». ამგვარ პროგნოზს პაატა გიორგაძე კირქვის მოპოვების წესის გათვალისწინებით აკეთებს. მისი აზრით, უნაგირას მთაზე აფეთქებების წარმოება, კატეგორიულად დაუშვებელია. რაღა დროს აფეთქებებია, 21-ე საუკუნეში, მთის ფერდობებს, შესაბამისი ტექნიკით, უმტკივნეულოდ მოვხსნითო, განმარტავენ «ჰუალინგ ჯგუფის» წარმომადგენლები და ცეზარ ჩოჩელი, რომლებიც კოტიანეთში კირქვის მოპოვებას და ნოსირში ცემენტის ქარხნის მშენებლობას აპირებენ. დეტალებს იმის შესახებ, კონკრეტულად რა მეთოდებს გულისხმობს კირქვის «უმტკივნეულო მოპოვება» დამუშავების პროექტის მიხედვით შევიტყობთ, რომელიც უახლოეს მომავალში მომზადდება. მანამდე კი, «ვერსიამ» სპეციალისტებთან გაარკვია, როგორ მოიპოვებენ კირქვას 21-ე საუკუნეში.

როგორც ირკვევა, აფეთქებას, კირქვის მოპოვებისას, ვერავინ აცდება. ასე იყო ძველადაც, კომუნისტების დროსაც და ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ დღესაც. უბრალოდ, შეიძლება ითქვას, აფეთქების სტილი ოდნავ შეიცვალა. დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კირქვას ამგვარად მოიპოვებენ _ საბადოზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ნიადაგს ბურღავენ და სიღრმეებში, ერთდროულად, აწარმოებენ აფეთქებებს. ეს იმისთვისაა საჭირო, კირქვა გაფხვიერდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ადვილდება კირქვის გამოტანა შესაბამისი ტექნიკით. სხვათაშორის, კირქვის მოპოვების მეთოდების შესახებ, ინტერნეტშიც არაერთი ინფორმაცია იძებნება. მათ შორის, არაერთი ვიდეომასალაა გავრცელებული youtube-ზეც (https://www.youtube.com/watch?v=IZq179c887o , https://www.youtube.com/watch?v=HD-j2JtwPCc), სადაც ნათლად ჩანს, რა მასშტაბის აფეთქებებია საჭირო. დაინტერესებულ პირებს, აღნიშნული ვიდეორგოლების ნახვისას, იმაზეც ადვილად შეექმნებათ შთაბეჭდილება, წლების შემდეგ, რა მდგომარეობა იქნება, დღეს მწვანე საფარით მდიდარ ეკის მთაზე.

რას გამოიწვევს მსგავსი ტიპის სამუშაოები უნაგირას მთაზე? ჰექტრობით ტყე რომ უნდა გაიკაფოს და წყალი დაბინძურდეს, ეს ისედაც ნათელია. ამაზე «ჰუალინგ ჯგუფის» გენერალური დირექტორის მოადგილე ქსინფუ ვანგიც საუბრობს და  «ვერსიასთან» ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს – «როცა საბადო ამუშავდება და გათხრები დაიწყება, ხეები უნდა ამოიძირკვოს, მაგრამ იმავე ადგილზე ხეებს აუცილებლად დავრგავთ». თუმცა მხოლოდ ეს როდია პრობლემა. კირქვის საბადოს ამუშავებისას, შეიძლება საფრთხის წინაშე ზოგადად, უნაგირას მთა დადგეს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი მთა არ არის. მის წიაღში, არაერთ მიწისქვეშა წყლის დინებასთან ერთად კარსტული მღვიმეებია, რომლებიც სხვათაშორის, არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და ადგილობრივებმა, «პატარა სათაფლიადაც» მონათლეს. თუმცა საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ.

მღვიმე სენაკელმა მოყვარულმა სპელეოლოგებმა, მურმან და იგორ ბოჯგუებმა აღმოაჩინეს. 2013-15 წლებში კი, კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევები აქ ქართველმა სპეციალისტებმა, ლიტველ კოლეგებთან ერთად აწარმოეს. ექსპედიციაში, რომელსაც დოქტორი კუკური წიქარიშვილი ხელმძღვანელობდა, ზაზა ლეჟავა, თამაზ ქობულაშვილი, ვიტის ვილკასი, დონატას ზვიცევიჩიუსი, ალგირდას ზიბოლისი, რაიმონდას ბარონასი, აგნე გრინცევიჩიუტე და დეივიდას ჯოსიუსი მონაწილეობდნენ. ამ ექსპედიციით პირველად მოხერხდა საადამიოსა და საწულეისკიროს მღვიმეების წყლიანი და მშრალი დერეფნების დაძლევა, ტოპოგრაფიული აგეგმვა და მღვიმეთა აღწერილობა. საექსპედიციო ჯგუფმა, საწულეისკიროს სიფონებიან მღვიმეში, 280 მ სიგრძისა და 39 მ სიღრმის დახრილი წყლიანი დერეფნის აკვალანგებით გაცურეს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული აღმოჩენა დაფიქსირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში.

უნაგირას მთაზე არსებული მღვიმეები, ნაწილობრივ შესწავლილია. კვლევები გრძელდება. ექსპედიციის მონაწილეების განმარტებით, საკვლევი ტერიტორია სპელეო-გეომორფოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. აქტუალობას კი, მას ის ფაქტი მატებს, რომ აქამდე არ განხორციელებულა აქ გავრცელებული მღვიმური სისტემების მეცნიერული შესწავლა. აქედან გამომდინარე საექსპედიციო ჯგუფის მთავარი მიზანი ეკის მთის კარსტო და სპელეოგენეზისის თავისებურებების ძირეული შესწავლა და ზოგიერთი კანონზომიერების დადგენა, მასივზე არსებული ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების აღწერა-დაფიქსირება და ახალი მღვიმური სისტემების გამოვლენა იყო.

13624996_1145279108828922_629715846_n

საწყის ეტაპზე დადებულ დასკვნაში, რომელიც «ვერსიამ» მოიპოვა, ვკითხულობთ: «საკვლევი რაიონის მღვიმეების დიდი უმრავლესობა ჩასახულია ფრეატულ ეპოქაში. ამჟამად მათი ნაწილი ვადოზური ეპოქის ვოკლუზურ სტადიაში იმყოფება, თუმცა წნევიანი წყლების გავლენას მღვიმეების განვითარებაში დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიაეკის მთა შედის დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის დაბალმთიან, კერძოდ, ოდიშის პლატოს (უნაგირას) მასივთა ჯგუფში და მოქცეულია მდინარეების, ცივისა და ტეხურას შორის. მთის თხემური ნაწილი გაწოლილია სამხრეთდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთისაკენ, კურორტ მენჯიდან დადიანის ტახტას მასივსა და მას შორის მდებარე უნაგირისებურ დადაბლებამდე. ეკის მთის სამხრეთდასავლური ნაწილის კალთები უშუალოდ სენაკს დაჰყურებს. გეოტექტონიკურად ეკის მთა ბრაქიანტიკლინურ სტრუქტურას ანუ ისეთ ნაოჭს წარმოადგენს, რომლის სიგრძე დიდად არ განსხვავდება სიგანისაგან და გეგმაში ელიფსურ ფორმას იძლევა. ამ ნაოჭის წარმოშობა დაკავშირებულია სიღრმით რღვევასთან, რომელიც გადის ეკის მთასა და კოლხეთის დაბლობის საზღვარზე. ეკის მთის მასივის ბრაქიანტიკლინური სტრუქტურის ბირთვს აგებენ ზედაცარცული და პალეოცენეოცენური ასაკის კირქვები, ხოლო ფრთები მთლიანად აგებულია ქვედა და შუამიოცენური თიხებით და ქვიშაქვებით. ეკის მთის მასივის გაყოლებით არსებული სიღრმული რღვევა და მისი თანმდევი წყვეტები და ნაპრალები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მისი ბირთვის დაკარსტვისათვის. ზედაპირული კარსტული ფორმები წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივიხეობებით“, მათში განვითარებული ძაბრებით, ჭებით და შახტებით, ისე ფართო და ჩაკეტილი ღრმულებით».

დასკვნაში ასევე წერია, რომ ეკის მთის თხემური ზოლი, ჩაკეტილი ქვაბულებითა და ძაბრებითაა მდიდარი. ერთ-ერთ ასეთ ძაბრში კი, ტბაა წარმოდგენილი, რომელიც ცნობილია „ფართო წყლის“ სახელწოდებით. ძაბრები და ჩაკეტილი ქვაბულები აქ მოსული ატმოსფერული ნალექების რეზერვუარებს წარმოადგეგნენ, საიდანაც ძირითადად მარაგდება ეკის მთის ფერდობებზე (განსაკუთრებით ჩრდილო ფერდობზე) გამომავალი დიდ დებიტიანი წყაროები. მიწისქვეშა ფორმების  (ჭები, შახტები, უფსკრულები), სიღრმე კი, ზოგჯერ რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. სპელეოლოგები არ გამორიცხავენ, მომავალში მათმა სიღრმემ ორ ასეულ მეტრსაც გადააჭარბოს. «მღვიმეები განვითარებულია სოფელ სახარბედიოში, საწულეიკიროში, საადამიოში, საგუნიოსა და კვარჩხიღალში. ისინი ხშირად ორ ან სამსართულიანია. ფერდობებზე, სხვადასხვა სიმაღლეებზე წარმოდგენილია მძლავრი ვოკლუზური წყაროები, რომელნიც ზოგჯერ მღვიმის შესასვლელებიდან გადმოსჩქეფს».  «ფართო წყლის» ტბის გარდა, აქ კიდევ რამდენიმე ტბაა. ერთ-ერთი ტბის მიღმა, ვიწრო დერეფნის მარცხენა კედელზე, ფსკერიდან 3-4 მ სიმაღლეზე, 3 ადგილას გადმოდის 10-15 ლ/წმ დებიტის მქონე ეფექტური ჩანჩქერი. ჩანჩქერების გაყოლებით ტერასაზე კი მესამე სიფონური ტბაა, რომელიც მღვიმის ბოლოში მდებარე ტბას მიწისქვეშა წყლიანი დერეფნით უკავშირდება (ეს მონაკვეთი გაცურეს ლიტველმა აკვალანგისტებმა). კიდევ ერთი სიფონური ტბა მღვიმის ბოლოშია. მღვიმეში არსებული ორი განშტოების გასაყართან კი, ფსკერზე, კარგად გამორეცხილი, სპირალისებური ჭაა, რომლის სიღრმე 8-10 მეტრს აღწევს. სპელეოლოგების დასკვნის მიხედვით, მასში ქვის ჩაგდების შემდეგ ისმის წყლის დგაფუნი და კედლის ზანზარი, რაც წყლის მიღმა ასევე სიცარიელის არსებობაზე მიუთითებს. ექსპედიციის მონაწილეები არ გამორიცხავენ ეკის მთის წიაღში კარგად დამუშავებული მღვიმური დერეფნებისა და დარბაზების არსებობასაც. მათ აღმოსაჩენად კი, მთის თხემურ ნაწილსა და ფერდობებზე განვითარებულ ჭებსა და უფსკრულებში მთელი რიგი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საჭიროა აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდიკატორული ცდები ჩატარდეს და წყლების ქიმიური მინერალიზაცია განისაზღვროს. სპელეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში კიდევ ერთი საინტერესო პასაჟია: «ეკის მთის ფერდობებზე სხვადასხვა სიმაღლეებზე გამომავალი წყაროები ისეთ შთაბეჭდილბას ქმნის, რომ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი წყალცვლა მეზობელი ტერიტორიებიდან. რომ არა გარე წყლების ზემოქმედება, სოფელ ზემო სორტის მიდამოებში, კირქვის დელუვიონში გამომავალ ფრონტალურ ნაკადებს, დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტათ მოქმედება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ფრონტალური ნაკადების მაღალი ტემპერატურა, რაც ახლოსაა მდინარე ტეხურის წყლის ტემპერატურასთან. ამასთან, აღნიშნული ფრონტალური წყაროებიდან ზოგიერთი გოგირდის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა, რაც  ტეხურის ხეობაში გამომავალი გოგირდის მაღალი შემცველობის და წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მქონედედამოკასთერმული წყლების ტეხურთან განზავების და შემდგომ კალაპოტიდან მათი გაჟონვის შედეგია».

თუკი ეკის მთაზე, მნიშვნელოვანი დადებითი წყალცვლა მართლაც ხდება ახლომდებარე ტერიტორიებიდან, მაშინ სპეციალისტების პროგნოზი, არც თუ სახარბიელოა _ კირქვის მოპოვების დაწყებიდან დაახლოებით 10-20 წელში, დიდი ალბათობით აქ მივიღებთ ჭარბ წყალმოვარდნებსა და ეკოლოგიურ კატასტროფას.

მთის ჩამოშლის საშიშროებაზე საუბრობს «ვერსიასთან» მოყვარული სპალეოლოგი მურმან ბოჯგუაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩელის კარიერი, კონკრეტულად მღვიმეების შესასვლელის სიახლოვეს არ არის, ზოგადად ამ მთაზე ხელის ხლება, პრობლემებს აუცილებლად წარმოქმნის.

იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეკის მთა და სენაკის მუნიციპალიტეტი, «ვერსია» ექსპედიციის მონაწილეებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს, კუკური წიქარიშვილსა და ზაზა ლეჟავას დაუკავშირდა. მათი პროგნოზი ასეთია: «სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტი ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოში _ ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი კარიერების სახით, სადაც ბუნებაზე ტექნოგენური ზემოქმედების კოეფიციენტმა დიდი ხანია გადააბიჯა დასაშვებ ნორმებს და დღეისათვის ეს რაიონი წარმოადგენს მთელ საქართველოში (და შესაძლებელია კავკასიაშიც) გეოეკოლოგიურად ერთერთ ყველაზე კატასტროფულ რეგიონს. ჭიათურის რაიონი იმიტომ მოგვყავს მაგალითად, რომ აქ ეკის მთის მსგავსი ტექტონიკურსტრუქტურული, კარსტულსპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები და ფაქტორებია წარმოდგენილი. თუ ჩვენს მიერ ჭიათურის რაიონში ჩატარებული კომპლექსური მეცნიერული კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ, ეკის მთაზე და მის მიდამოებში ჩვენს მიერ გასულ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებთან გავავლებთ პარალელს, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჭიათურის რეგიონის მსგავსი ან უფრო უარესი კატასტროფული შედეგებია მოსალოდნელი. რამდენადაც ცნობილია ეკის მთას თხემს მთელ სიგრძეზე გაუყვება სიღრმული რღვევა და მის გაყოლებაზე და სიახლოვეს ქანები ძლიერ არის დამსხვრეული და დანაპრალებული, რაც დამატებით პირობებს ქმნის კარსტის ინტენსიური განვითარებისათვის. მთის ფერდობებზე რელიეფში კარგად იკითხება ახალი და ძველი მეწყერები და ჩამოშლილი კლდეზვავები, რომელნიც ტექტონიკურ ნაპრალებთანაა   დაკავშირებული. მომავალში, ეკის მთის ზონაშიც თუ კირქვის მოპოვება ისეთივე გეგმით, მასშტაბებითა და მტაცებლური დამოკიდებულებით განხორციელდება როგორც ჭიათურის კარიერებში (რაც არ არის გამორიცხული), აქაც მოსალოდნელია მსგავსი უარყოფითი შედეგები მივიღოთ. აქ კარიერების ექსპლუატაცია გამოიწვევს ძლიერ დაკარსტული ტერიტორიების მკვეთრ გაფართოებას და შესაბამისად კარსტთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების გაძლიერებას. კარიერების გავრცელების რაიონებში სისტემატური ხასიათი მიეცემა რელიეფის ზედაპირის დეფორმაციებს, გააქტიურდება ეგზოდინამიური პროცესები, დაბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ნაკადები, სასმელად გამოყენებული კარსტული წყაროები. განადგურდება ნიადაგმცენარეული საფარი. შეიცვლება წყლების ცირკულაციის პირობები, დაშრება მთის მრავალი ანკარა წყარო. კარიერებში ძლიერი აფეთქებები გამოიწვევს არსებული სიღრმული რღვევის და მისი თანმხლები ტექტონიკური ნაპრალების გააქტიურებას და ეკის მთის ნგრევას. არ არის გამორიცხული ტექტონიკური რღვევის გადაკვეთის სიახლოვეს აფეთქებებმა ადგილობრივი სეისმური აქტივობები და ბიძგებიც გამოიწვიოს. არ გამოვრიცხავთ სხვა უარყოფითი შედეგების გამოვლენასაც».

13625268_1145279092162257_1478287571_n

მეცნიერების პროგნოზი საგანგაშოა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად დგება ეჭვქვეშ, რამდენად ობიექტურადაა გაცემული კოტიანეთთან კირქვის მოპოვებაზე ლიცენზია და კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა _ როცა ამხელა რისკი არსებობს, საერთოდ საჭიროა კი ნოსირში ქარხნის აშენება? იმედია, ამ კითხვაზე პასუხს მას შემდეგ მივიღებთ, რაც კოტიანეთისა და ზოგადად სენაკის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდება _ სამთავრობო კომისია შეიქმნება, ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდება და დაიდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. «ვერსიის» ინფორმაციით, კოტიანეთელები წერილს შესაბამის უწყებებში უახლოეს მომავალში შეიტანენ.

მას შემდეგ, რაც «ვერსიამ» აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნება დაიწყო, ოპონენტთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ «ჩოჩელის პროექტით», სამეგრელოში, კერძოდ სენაკში, ინვესტიცია შევა, ხალხს სამუშაო, შესაბამისად, შემოსავალი გაუჩნდება. თუ ნამდვილად ასეა, უდავოდ კარგია, მაგრამ ამის გაკეთება, მაინცდამაინც ეკოლოგიური კატასტროფის ხელშეწყობის ხარჯზე არაა აუცილებელი. ამისთვის, სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, სენაკში ფულის შემოდინების ერთ-ერთ საშუალებად, ეკის მთაზე აღმოჩენილი მღვიმეებიც შეიძლება გამოვიყენოთ. მეცნიერი კუკური წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ აქ შეიძლება განვავითაროთ, მაგალითად მღვიმური ტურიზმი, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია: «დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება საქართველოს სადარი პატარა ქვეყანა, სადაც სპელეოტურიზმის განვითარების ასეთი ხელსაყრელი პირობები არსებობს. მღვიმური ტურიზმი კი ძალზე პოპულარულია მსოფლიოში. საქართველოს 28 კირქვული მასივიდან ნებისმიერ კარსტულ რაიონში მოსალოდნელია სპელეოტურიზმის საჭიროებისათვის აღმოჩნდეს პერსპექტიული კარსტული ობიექტები, მათ შორის ეკის მთის მცირე ზომის ტერიტორიაზე. არ არის გამორიცხული, აღნიშნულ მღვიმეებში ახალი ათონისა და წყალტუბოს (პრომეთეს) უკვე საქვეყნოდ აღიარებული მღვიმეების სადარი თუ არა, მნიშვნელოვანი სიდიდის სპელეოობიექტები აღმოჩნდესამის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ეკის მთის სიღრუეებს განვლილი აქვთ მათი ჩამოყალიბებისათვის საჭირო ყველა ეტაპი და თანაც რამდენიმე სართულებად არიან წარმოდგენილი. ქვედა ჰორიზონტების მღვიმეები ამჟამად აქტიურად ვითარდებიან სრული გაჯერების და სიღრმული ცირკულაციის ზონებში და კავშირი უნდა ჰქონდეთ ეკის მთის სიღრმიდან ამომავალ თერმულ ნაკადებთან, სადაც ეს უკანასკნელნი დაწნევით ამოედინებიან. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ღრმა ცირკულაციის და სრული გაჯერების ზონის თერმული წყლებით არის გაჩენილიერმა რეკასცნობილი გიგანტური კარსტული სიცარიელე როდოპის მთებში. არ არის გამორიცხული მსგავსი სიღრუის არსებობა ეკის მთის წიაღშიც დადასტურდეს, რასაც კვლევების შემდგომი გაგრძელება დასჭირდება».

მღვიმური ტურიზმის განვითარების გარდა, მეცნიერები, ზოგადად ინვესტორებს იმასაც ურჩევენ, ინვესტიცია ჩადონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე თერმული წყაროების (ტემპერატურა 95-980-ია) მეურნეობის სხვადასხვა საჭიროებისათვის ათვისების თაობაზე. ეკის მთაზე კვლევების გაგრძელებით უცხოელებიც დაინტერესებულნი არიან. მით უმეტეს, რომ დღეს, უახლესი სპელეოგამოკვლევების შედეგებით, საქართველო მსოფლიო სპელეოლოგიური მოძრაობის ყურადღების ცენტრშია. ამ ფონზე, ეპითეტის მოძებნა, რა ეწოდება ადამიანს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ეკის მთას, ზოგადად სენაკის მუნიციპალიტეტს და მღვიმეებს, რომლებიც, როგორც მოგახსენეთ, აშშ-ს ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში უკვე შესულია, თქვენთვის მოგვინდვია. კუკური წიქარიშვილი და ზაზა ლეჟავა იმედოვნებენ, რომ უცხოელი მკვლევარები საქართველოს კვლავ ეწვევიან. მეცნიერებს იმის იმედიც აქვთ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, სენაკის მუნიციპალიტეტი და ზოგადად სამეგრელო, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს.

გაზეთი «ვერსია»

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისომხეთი აფხაზეთის რკინიგზას განიხილავს როგორც ალტერნატიულ მიმართულებას
შემდეგი სტატიანატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება