აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება

რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ 8 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგის შემდეგ პრესსპიკერის, ჯონ კირბის კომენტარი გაავრცელა. მან საქართველოში ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის უმთავრესი და კრიტიკული მნიშვნელობა მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურ პლურალიზმს და სასამართლოს დამოუკიდებლობას აქვს.

„საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მედია სივრცის და თანაბარი პოლიტიკური სამოქმედო ველის შენარჩუნების მნიშვნელობას“. – განაცხადა ჯონ კირბიმ.
„ამერიკის ხმა“ „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ასევე აშშ-ს ელჩ იან კელის კომენტარსაც აქვეყნებს.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქართული დემოკრატიის წარმატება. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები გაქვთ. ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მოღვაწე ყველა განსხვავებულ პოლიტიკურ [აქტიორს] ხელი მიუწვდება მედიაზე და საარჩევნო კამპანიისას თითოეული მათგანის ხმა ისმის. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი იქნება – როგორც ჩვენ ვამბობთ – თანაბარი სათამაშო გარემო იმ დროისთვის, როდესაც ქართველი ამომრჩეველი შემოდგომაზე ხმის მისაცემად გაემართება.“ – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიეს არის მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია – კახა კალაძე ცესკოში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად ამ წუთებში რეგისტრირდება