სპეცრაზმი მობილიზებული იყო როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს. წყლის ჭავლი პირველი სკოლის მხარეს ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების მისამართით გაუშვეს. სპეცრაზმი მობილიზებული იყო როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ მინაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული კვლავ აქციაზე მივიდა.

აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავდათ გადაყვანილი. სხვა დაკავებულების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის მიმდებარედ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს