სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია

logoპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შერჩეულია. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა: თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; კერძოდ: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი კლდიაშვილი − ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი.

კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე 18 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს შეეძლოთ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ექნებოდათ. საკონკურსო კომისიამ 50 აპლიკანტიდან 5 შეარჩია. კონკურსის მეორე ეტაპი − გასაუბრება − დღეს გაიმართა, რის შემდეგაც კომისიამ პრემიერს ორი კანდიდატურა წარუდგინა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ინიშნება. 2013 წლიდან დღემდე ამ პოსტს თამარ ქალდანი იკავებდა.

banner
წინა სტატიაშირატომ დატოვა ლევან კალანდიამ ტელერადიო კომპანია „ოდიში“
შემდეგი სტატიაvideo აშშ-ში ცინცინატის ზოოპარკის თანამშრომლებმა ვოლიერში გორილა მოკლეს