სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სააკაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უწყების ინტერესის სფერო ის პერიოდებია, როდესაც მესამე პრეზიდენტი გლდანის სამკურნალო დაწესებულებასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

შეკითხვას – იქნებიან თუ არა სახელმწიფო ექსპერტიზაში ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმებიც, კოკა კაციტაძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში “გაერთიანებულ ექსპერტიზაზე საუბარი არ არის”.

“ეს ექსპერტიზები დანიშნულია არა გამოძიების ინიციატივით, არამედ ადვოკატის მოთხოვნით, მათ მიერ ჩამოყალიბებული შეკითხვების საფუძველზე. არანაირ კავშირში არ არის ეს სხვა რაიმე ალტერნატიულ ექსპერტიზასთან, იმიტომ, რომ ეს ექსპერტიზები სწავლობს, რა მოვლენები ვითარდებოდა მე-12 და მე-18 დაწესებულებებში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწია. აქ არ არის საუბარი გაერთიანებულ ექსპერტიზაზე. სახელმწიფო დაწესებულება – სპეციალური საგამოძიებო ორგანო ნიშნავს ექსპერტიზას”, – თქვა კოკა კაციტაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქმეში მესამე პრეზიდენტის ადვოკატების “უპრეცედენტო” ჩართულობას უზრუნველყოფს.

“საგამოძიებო ორგანო უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ ადვოკატების სრულ ჩართულობას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და როგორც იცით, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოვიდნენ ჩვენთან, გაეცნონ საქმის მასალებს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და მათ შორის განცხადებით მოითხოვონ ექსპერტიზის დანიშვნაც კი”, – აღნიშნა კაციტაძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზაზე თანახმაა, თუ მასში მისთვის სანდო ექიმებიც შევლენ.

მისი უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ასეთი ექსპერტიზის ჩატარება აზრს დაკარგავს.

“ჩვენ მივმართეთ თავის დროზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასეთი სახელწოდებით არსებობდა საგამოძიებო სამსახური და მოვითხოვეთ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. რეალურად, ეს ექსპერტიზები უნდა უკავშირდებოდეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და გორის ჰოსპიტალში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ ცხადია, ვიაზრებთ იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მთელი ინსტიტუტი გააუქმეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას. ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას კითხვების ფორმულირებები, რაც მიგვაჩნდა მიზანშეწონილად დამატებით. თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება. ნებისმიერ მოქმედებაში, სადაც დაცული იქნება სამართლიანობის და პროპორციულობის პრინციპები, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

როდის შევლენ ექსპერტიზის ბიუროს ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და რა პერიოდისთვის არის მოსალოდნელი ახალი ექსპერტიზის პასუხები, ჯერჯერობით უცნობია.

მუშაობას აგრძელებენ ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები. პირველი შედეგები სავარაუდოდ, ორ კვირაში იქნება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა
შემდეგი სტატია„იპოვე ფილმის გასაღები“ – www.mediatsigniereba.ge -ზე მედიაწიგნიერების ახალი პროექტი კომუნიკაციების კომისიისგან