სპეციალური საგამოძიებო სამსახური სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“ ასაჯაროებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს.
განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე აწარმოებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
“საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და „META“-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა.ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.