სპეციალური პენიტენციური სამსახური “ლელოს” პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პარტიას “ლელო საქართველოსთვის” პასუხობს. ანა ნაცვლიშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს დღეს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, საზოგადოებას დეტალური ანგარიში ჩააბაროს იმის შესახებ, როგორ და რის ხარჯზე ხდება ვირუსთან ბრძოლა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა მოხდეს ბრალდებულ/მსჯავრდებულების COVID-19-ისგან დაცვა.

“მოგეხსენებათ, 2020 წლის მარტიდან სპეციალური პენიტენციური სამსახური კომპლექსურ პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა მოხდეს ბრალდებულ/მსჯავრდებულების covid-19-ისგან დაცვა და მართლაც, გასულ წელს პენიტენციურმა სამსახურმა მოახერხა ის, რომ ვირუსს პენიტენციურ დაწესებულებებში არ შეუღწევია.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა შეზღუდული არ არის და მათი კომუნიკაცია covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, მინის ბარიერს მიღმა ხორციელდება. შესაბამისად, დაცვის უფლება უზრუნველყოფილია.

რაც შეეხება ხანგრძლივ პაემანს, 2020 წლის მარტიდან პატიმრებს ეს უფლება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიზეზით აქვთ შეჩერებული. ცხადია, ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ისევ და ისევ პატიმრების ვირუსისგან დაცვის მიზნით მიიღო, ვინაიდან უწყებისთვის პრიორიტეტი სწორედ ბრალდებულ/მსჯავრდებულების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა,” – ნათქვამია განცხადებში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ბადრი ბიწაძე იკითხება
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა აუდიოჩანაწერს ავრცელებს