სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2021 23:47

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 

საზოგადოებისა და, პირველ რიგში, პატიმრების ოჯახების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ – ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 23 შემთხვევა. ინფიცირებულები იმყოფებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

მითითებული ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა დაუყოვნებლივ, ტესტირების შედეგების სრულად მიღებისთანავე. ინფორმაცია გასაჯაროვდა სწორედ ტესტირების პასუხების სრულად მიღების შემდეგ, როგორც იმთავითვე გეგმავდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, და ეს არ ყოფილა განპირობებული მედიის ინტერესით ან რაიმე სხვა მიზეზით;

PCR ტესტირება, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოვიდდადებითი პატიმრების გამოვლენა, იყო გეგმური. კერძოდ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, 2021 წლის 1-ლ იანვარს გამოაქვეყნა (https://www.facebook.com/…/a.65864302…/3605338732875465/).

31 დეკემბერს №11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 22 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება №5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა, სადაც გამოვლინდა უსიმპტომო პაციენტები. დღეისათვის, დამატებით გვაქვს ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში PCR ტესტირების პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია;რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმარი გარდაიცვალა არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დაუყოვნებლივ, 1-ლ იანვარს და ის დღესაც ხელმისაწვდომია ჩვენს ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/…/a.65864302…/3605338732875465/;

გლდანის ციხეში პატიმრის ინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირი, რომელზედაც ადვოკატი საუბრობს, №8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 20 ნოემბრიდან იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს ფსიქიატრის რეკომენდაციით გადაყვანილ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაიყვანეს №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც, პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე. შესაბამისად, გლდანის ციხის არცერთ პატიმართან მას კონტაქტი არ ჰქონია;ინფორმაცია, თითქოს №14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში კოვიდ-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს, სრული სიცრუეა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა;ყველა პენიტენციური დაწესებულება მზადაა მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის, არსად არ არსებობს მედპერსონალის, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების ან მედიკამენტების დეფიციტი;სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა და კვლავაც მოქმედებს სრული გამჭვირვალობის პრინციპით, დაუყოვნებლივ ავრცელებდა ინფორმაციას ყველა გატარებული ღონისძიების შესახებ და ასე იქნება მომავალშიც უწყება საზოგადოებას მიაწოდებს ყველა ინფორმაციას ტესტირებების და ტესტირების პასუხების შესახებ დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს ინფორმაცია მის ხელთ იქნება.

უწყება მოუწოდებს ყველა ორგანიზაციასა და პირს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას საპატიმროებში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, რათა უნებლიე ზიანი არ მიადგეს პატიმრების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ინტერესებს-ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2021 23:47