ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დობორჯგინიძე აცხადებს, რომ განათლების „დეფორმამ“ ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფები დააზარალა.
ილიაუნის რექტორის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელოვნურად შემცირებული ადგილების გამო აბიტურიენტების ნაწილმა მაღალი ფასის გამო კერძო უნივერსიტეტები ვერ აირჩია, რაც განსაკუთრებით მძიმედ რეგიონებში მცხოვრებ და ხელმოკლე ოჯახებს შეეხო.
„ასეთი აბიტურიენტები, განსაკუთრებით რეგიონებიდან, იაფფასიანი სამუშაო ადგილების ხარჯზე ახერხებდნენ სწავლას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რაც არ უნდა მოინდომო, „სპარში“ მოლარეობით კერძო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. სახელმწიფო და განათლების პოლიტიკა სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას. „ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს“ – ძალიან უსამართლო პასუხია“, — წერს ნინო დობორჯგინიძე.
თავის პოსტში ილიაუნის რექტორი ეყრდნობა განათლების მეცნიერებათა დოქტორ შალვა ტაბატაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ანალიზს.
ტაბატაძის მონაცემებით, „შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე“ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემცირებული ადგილები კერძო უნივერსიტეტებში გადანაწილდა. მაგალითისთვის, სამართლის პროგრამებზე საჯარო უნივერსიტეტებში 2026 წელს 2025 წელთან შედარებით 652 სტუდენტით ნაკლები ჩაირიცხა, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა 332-ით გაიზარდა. ტაბატაძის შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნადი მიმართულებების შეზღუდვამ კერძო სექტორს სტუდენტების მოსაზიდად დამატებითი შესაძლებლობა მისცა.













