სოზარ სუბარი უმრავლესობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას უმრავლესობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების თაობაზე უარყოფს და როგორც აცხადებს, ასეთი რამ არ იგეგმება.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომელიმე დეპუტატი ოპოზიციიდან მიხეილ სააკაშვილთან ყოველ დღე შედის.

„დღეს, როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლაპარაკობენ, ერთადერთი ადეკვატური არის ის, რომ ექიმებმა ყურადღება მიაქციონ, რათა ზუსტი ინფორმაცია ვიცოდეთ, რა ხდება. აღნიშნული ინფორმაცია რამდენად საჯარო გახდება, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ეს ინფორმაცია ექიმების ხელშია. ჩვენ რასაც ვისმენთ ისაა, რომ ექიმები ამბობენ, რომ სისხლში კონკრეტული მონაცემები დარღვეულია. იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ ეს მართალი არ არის. გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო ამაზე მეტის უფლებას თავს არ აძლევს, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი მოთხოვნა ან თანხმობა იქნება, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ყველა მონაცემი გაასაჯაროოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარმა ისიც აღნიშნა, რომ უმრავლესობის შემადგენლობაში რამდენიმე მაღალკვალიფიციური ექიმია, მაგრამ იმ დარგის სპეციალისტები არ არიან, რაზეც მიხეილ სააკაშვილის კონსილიუმის წევრი ექიმები საუბრობენ.

„შფოთვების მოხსნის სპეციალისტი არც ერთი არ არის. არ მგონია მათ ციხეში შესვლას და სააკაშვილის მონახულებას აზრი ჰქონდეს იმ ფონზე, როცა მართლა მაღალი დონის ექიმები მკურნალობენ და აქცევენ ყურადღებას.

წავიკითხე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმთა ამონარიდები და ისინი ისეთს არაფერს ამბობენ, რაც განსაკუთრებული შფოთვის საფუძველს შექმნის – არაფერს ამბობენ ისეთ, რომ საჭირო იყოს მისი უცხოეთში წაყვანა ან სხვა რამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩის თქმით, რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შემოიჭრა, განადგურებულია
შემდეგი სტატიასააკაშვილი ჩვენი მეგობარია, გასათვალისწინებელია ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ სტრესის და ემოციების მართვა – დეკანოიძე