პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს.
სუბარი სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამავდროულად, სუბარი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებით ამ კუთხით კითხვები არსებობს.
„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არც საერთაშორისო კომისიამ დაადასტურა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული. არიან ქვეყნები, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ფინეთში დაიწყო გამოძიება, სადაც დაადასტურეს, რომ 3 500 სამხედრო დანიშნულების დრონი ფინეთიდან რუსეთში გადავიდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება. საქართველოში თუნდაც ერთი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო, რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეობის“ სახით არსებული აგენტურა წარმოგიდგენიათ, რას იზამდა? რუსულ რაკეტებში, რომლითაც უკრაინა იბომბება, გამოიყენება უკრაინაში მოპოვებული ტიტანი და ამით ერთმანეთთან ვაჭრობენ. მაინც და მაინც საქართველო უნდა დააზიანოს ოპოზიციამ, რომლის ერთადერთი მიზანია, ქვეყანას როგორმე რამეთი ავნოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.