სოზარ სუბარი – საპრეზიდენტო არჩევნებსა და მხარდაჭერის საკითხზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ხვალინდელ სხდომაზე რამდენიმე თემა განიხილება, თუმცა წამყვანი საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

„ხვალინდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილება, თუმცა მთავარი მაინც არის საპრეზიდენტო არჩევნები და კანდიდატის მხარდაჭერა. განიხილება, რა დონეზე მოხდება ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, ხომ არ არის უკვე გადაწყვეტილი, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, სუბარი აცხადებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

„როდესაც პოლიტსაბჭოს ერთიან ფორმატში გვქონდა შეკრება საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის, გადაწყდა, რომ ჩვენ არ ვაყენებთ კანდიდატურას, დანარჩენი იქნება პოლიტსაბჭოზე. პრაქტიკულად, ჩამოყალიბებული ვართ, მაგრამ მსჯელობა მაინც ხვალ იქნება და დანარჩენს მაშინ გაიგებთ“, – განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზოზია ქარდავას წარმატება ეგვიპტეში
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პოლიცია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების მარშრუტს აქვეყნებს