სოზარ სუბარი : პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ

დევნილთა მინისტრის თქმით, ორი დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეა საუბარი მაშინ, როცა ეს აზრად არავის გაუვლია, მსჯელობა არ ყოფილა და არც მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება.

მისი თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი თემაა.

“მათ, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია და არავის ახსოვს. ჩვენ ვფიქრობთ მეორე ტურზე, ვფიქრობთ, როგორი ქვეყანა გვექნება და სწრაფ და სტაბილურ განვითარებას როგორ მოვაღწევთ. 8 ოქტომრის შემდეგ, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რასაც ბევრი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს ვერ უბამს. კონსტიტუცია რომ ჩამოსაყალიბებელია, ფაქტია, რადგან სააკაშვილმა ის თავის თავზე მოირგო და ქვეყნის მოწყობის მსოფლიოში არარსებული მოდელი შექმნა. კონსტიტუცია კონსტიტუციას უნდა დაემსგავსოს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც მხოლოდ იმ პარტიების სურვილს არ ნიშნავს, რომლებსაც 20 000 მხარდამჭერი ჰყავთ”, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები ისმის, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა.

“ზოგჯერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა. გამოდის პრეზიდენტის პრესსპიკერი და ამბობს, რომ პარლამენტმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და პარლამენტარების საქმე არ არის, ქვეყანა როგორ მოეწყობა, ან როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პარლამენტი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა და სწორედ პარლამენტი წყვეტს, საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიქნებით თუ საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია გვექნება თუ თეოკრატია; პარლამენტი წყვეტს, იქნება თუ არა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იქნება უზენაესი სასამართლო, როგორც ეს აშშ-შია, რომელიც საკონსტიტუციოს ფუნქციას ითავსებს და ასე შემდეგ”, – განუცხადა სუბარმა 2030-ს.

როგორც ცნობილია, გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლოა, მსჯელობა დაიწყოს პრეზიდენტის არჩევნის წესზე და ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა აირჩიოს. ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უმჯობესია, “ქართული ოცნება” საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე კონცეტრირდეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია , ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ
შემდეგი სტატიასოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან