სოზარ სუბარი: პარლამენტში შესვლა, თუ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა, ხდება არჩევნებით და არა აქციებით

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო.

ასე გამოეხმაურა სუბარი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და არჩევნებზე დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატის – ირმა ინაშვილის ბრალდებებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო. ზოგადად, შიმშილობა და აქციები ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა პარლამენტში შესვლა, თუ ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა ხდება არჩევნებით, ხმების დათვლით, თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება სასამართლოში გასაჩივრებით და არა აქციებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქციები არ უნდა ჩაატარონ. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. რაც შეეხება გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც ერთი მტკიცებულება რეალური არ მომისმენია არც ინაშვილისგან, არც საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებისგან, არც კომისიის წევრებისგან, რომლებიც ყველა უბანზე ჰყავდა ქალბატონ ირმას. ახლა ის, რომ ჩვენ ჩავიდეთ და მოვუწოდოთ ვიღაცას არჩევნებისკენ, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ამის მოვალეებიც ვართ იმიტომ, რომ პოლიტიკური გუნდი ვართ და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი გამარჯვებისთვის. ამ პროცესში არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი წუთით რაიმე ადმინისტრაციული რესურსი. მე იქ ჩავედი ჩემი ძმის მანქანით, რაც წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ვინმეს მინიმუმ თავისი მანქანა არ გამოეყენებინა“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ინაშვილის მთავარ პრეტენზიას, რომ ადგილზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჩავიდა და ხმებს ითვლიდა, სუბარმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის მინისტრს აქვს უფლება დაითვალოს ხმები მას შემდეგ, რაც არჩევნები დამთავრდა“.

banner
წინა სტატიაში“არ არის ოდიოზური ფიგურა და გახმაურებული როგორც მე ვიცი”- ბიძინა ივანიშვილი რეზო საყევარიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში