სოზარ სუბარი – ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ მელიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ნიკა მელიას მოუწოდებს, სასამართლო პროცესზე მივიდეს და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მას დაემორჩილოს.

ამასთან, სუბარი კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს.

„როგორც მოვისმინე, 16:00 საათზეა სასამართლო პროცესი ჩანიშნული. კანონის მიმართ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მგონი, ამაში ყველა ვთანხმდებით. ყველას მოვუწოდებ, რომ კანონს დაემორჩილოს. ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა, ნუ ეშინია, სასამართლოზე მივიდეს და სასამართლო გადაწყვეტილება რაც იქნება, იმას დაემორჩილოს. ნიკა მელია და მისი ადვოკატები სასმართლოზე მივიდნენ. თუ მოსამართლე არ მოსწონთ, მათ შეუძლიათ, იქ, პროცესზე დააყენონ აცილების შუამდგომლობა. სასამართლოს თემებში ნამდვილად ვერ ჩავერევი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, კანონს წინ ვერავინ დაუდგება.

„მათ მოვუწოდებ, რაც ნაკლებად დაარღვევენ კანონს და რაც მეტად დაემორჩილებიან, რაც უფრო ლეგალურ ჩარჩოში მოაქცევენ თავიანთ საქმიანობას, მით უკეთესი იქნება მათთვის“, – განაცხად სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზურა დოიჯაშვილს საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ცნობილია
შემდეგი სტატიაწერეთელი მელიას საქმეზე – სამწუხაროდ, ხელისუფლება სპობს დიალოგის საშუალებას