სოზარ სუბარი მუხთარლის განცხადებაზე – ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებაზე აქვს პრეტენზია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცების ვერსია აბსურდია, რადგან რაიმე მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, მას ბევრი თვითმხილველი ეყოლებოდა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მოხდა აფგან მუხთარლი საზღვარზე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რასაც გამოძიება დაადგენს.

„როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, მას შეიძლება ბევრი რამ აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებაზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები, რომელიც მან გააკეთა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიგუდაურში სათხილამურო შეჯიბრი Dipski2018 იმართება
შემდეგი სტატიამეგობრის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია