სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე: თამაშობენ მთავრობობანასა და პოლიტიკოსობანას

„პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავთ და მიიღონ უფრო მეტი მონაწილეობა პროცესებში. ეს უკეთესი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის. ზოგადად, ინკლუზიურობა და ჩართულობა კარგია ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის. თუ სერიოზული პოლიტიკა უნდათ, ამისთვის არსებობს პარლამენტი და უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინონ პარლამენტში. დებოშს კი ნუ აწყობენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არამედ იმუშაონ კანონპროექტებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასა და სასამართლო რეფორმაზე. თამაში თუ უნდათ, შეუძლიათ, გააგრძელონ, გინდა პარლამენტში, გინდა პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, არის თამაში და არასერიოზულობა. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნება ვერც ძალოვანი მინისტრი, ვერც მისი მოადგილე და ვერც რომელიმე სხვა მინისტრი. სერიოზულობას მოითხოვს.

მე არ მაინტერესებს, სად გაერთიანდებიან და სად არა. თუმცა რასაც ვხედავ, მათ გაერთიანების შანსი რომ არ აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არ მგონია, საზოგადოებას აინტერესებდეს, საზოგადოებას რაც აინტერესებს, ვხედავთ. როცა ამბობენ, დღეს მთელი საქართველო, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და ხელისუფლება უნდა დავამხოთო, რუსთაველზე 300 კაცი გამოდის. ისინი ძირითადად მათი პარტიის ბიუროს წევრები და თანამშრომლები არია, სხვა არავინ“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.

banner
წინა სტატიაშირატომ აპიარებს პუტინის მედია ლევან ვასაძეს?
შემდეგი სტატიაქართული ოცნება დღითი დღე შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს – დამენია