სოზარ სუბარი : აქციაზე 100 ათასი ადამიანის ძალით მოყვანა “შეუძლებელია”

პრემიერმინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის თქმით, აქციაზე 100 ათასი ადამიანის ძალით მოყვანა “შეუძლებელია”.

სუბარი ასე ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ქართული ოცნების აქციაზე დაძალებით და ზეწოლით წასვლას საჯარო მოხელეები მის რწმუნებულებს უდასტურებენ.

“თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, (შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს), ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა”, – ამბობს სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

სოზარ სუბარი ასევე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას განცხადებები “არც სახალხო დამცველის და არც ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება”.

აქციას, რომლის ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომაა, ქართული ოცნება 14 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მართავს. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად მოყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა