სოსო ფხაკაძე – კოვიდპანდემიის გავრცელების მაღალი, ხოლო ვაქცინაციის დაბალი ტემპები ქვეყნისთვის მძიმე საფრთხეებს ქმნის

კოვიდპანდემიის გავრცელების მაღალი, ხოლო ვაქცინაციის დაბალი ტემპები ქვეყნისთვის მძიმე საფრთხეებს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს.

​„კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი შეგნება, პასუხისმგებლობა და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. ამ გზით ჩვენ ვიცავთ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების ყველაზე ძვირფას განზომილებას – სიცოცხლეს. ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის უფლება ამ ქვეყანას არ გააჩნია. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპების არსებობის პირობებში უაღრესად მძიმე შედეგებამდე მისვლა გარდაუვალია. ერთი მხრივ, ამ ტიპის პროგნოზების მოსმენა და მეორე მხრივ, უმოქმედობა ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული შენი თანამოქალაქეებისა და შენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნავს სოფო ფხაკაძე.

მისი თქმით, ბიზნესსექტორი ყოველთვის გვერდში უდგას ქვეყანას ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის, ინვესტიციების განხორციელების, ადამიანთა დასაქმების, ქვეყნის ბიუჯეტის შევსებისა თუ სხვა მრავალი კუთხით.

„ეს ყველაფერი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობა. თუმცაღა, დღეს, საჭიროა, გამოვუცხადოთ ბევრად უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს, ვინაიდან საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ვალდებულებასა და უკიდურეს საჭიროებას. დღეს ბიზნესსექტორი უნდა იქცეს მაგალითად მთელი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს ერთობა, რას ნიშნავს საერთო მიზნისა და ამოცანისთვის ბრძოლა. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, წამახალისებელი მექანიზმები თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩქარებული ვაქცინაციისათვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია სავალდებულო ზომების შემოღება, ვინაიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ არის საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად. მოქალაქეებს კი ვთხოვთ, სრულიად გაითავისონ და გაიაზრონ მათი წილი პასუხისმგებლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, აიცრან და აცრან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები; ატარონ პირბადე და დაიცვან ყველა დადგენილი სანიტარული ნორმა“, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშითემურ ჭყონია ხაზარაძეს – მოგყვები წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაჟორჟოლიანი საპატრიარქოს – ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით