სოსო ოხანაშვილი : ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ახლო მომავალში, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს- ამის შესახებ ოხანაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, პროკურატურას მის დასაკავებლად მტკიცებულებები არ აქვს.

„ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება. წამოვედი იმიტომ, რომ მაქვს სამსახურებრივი შემოთავაზებები რამდენიმე ქვეყანაში – გერმანიით დავიწყე. 14 წელი სამშობლოს ვემსახურე, რა თქმა უნდა, საქართველოს არაფერი მირჩევნია, მაგრამ ახლო მომავალში, არ ვაპირებ დაბრუნებას. ვერც საბოლოოდ გადავიხვეწები, რადგან მიყვარს საქართველო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სოსო ოხანაშვილი „ციანიდის საქმის“ მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, დანაშაულთან მისი კავშირის შესახებ.

„საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ვინ არის ირაკლი მამალაძე. ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ინტერვიუებს, არ ვთვლი საჭიროდ, რომ რამე ვთქვა. ერთი საცოდავი ბიჭია. მე არაფერი მაქვს მასზე სათქმელი. ირაკლი მამალაძემ ბევრჯერ შეცვალა საკუთარი ჩვენებები. მაგას რომ ავყვე, დაუსრულებლად უნდა ვისაუბრო მეც. კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის, დავაცადოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის ამორალური საქციელის გამო, ეკლესიას ის უნდა დაესაჯა.

„ბილწსიტყვაობა ამორალურია მამაოს მხრიდან, ეს ეკლესიის მხრიდან უნდა დასჯილიყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასჯილიყო პატიმრობით“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

პატრიარქის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა თანამზრახველების დასახელებასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება. დეკანოზი საკუთარ წერილში წერდა, რომ პროკურატურა მას სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის დასახელებას სთხოვდა.

„რაც შეეხება მამაოს წერილს – არაფერს გამოვრიცხავ, მამა გიორგი დაკავების შემდეგ არ მინახავს, მასთან შეხვედრის უფლებას მე არც მომცემდნენ, თუმცა მაინც არ გამოვრიცხავ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და სახელმწიფო და ეკლესია იქნებოდნენ ამაში ჩართული. იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა და ეს შოუ დამთავრდება. ეს განსაცდელია მამაოსთვის, მეუფე დიმიტრისთვის, ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეეხო ეს საქმე“, – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

წყარო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშიდღეს, საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა
შემდეგი სტატიატაილანდში ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს