სოსო ჯაჭვლიანი: არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაჭვლიანმა განაცხადა, უმრავლესობისგან კანონპროექტთან დაკავშირებით მხარდაჭერას ელოდება.
რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, როგორც ჯაჭვლიანი აცხადებს, “არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება”.
“ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ძალიან პოზიტიური იქნება საზოგადოებისთვის. ის რაც ენაზე მოგადგება ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ადამიანი იძახის, რომ თავისუფალია. თავისუფალი ჩემი აზრით გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება ის გააკეთო. როცა გინდა რაღაც გამოხატო თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა. ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის – იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა, გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლება არის, მაგრამ ამის გამო ყველაფრის თქმა არ შეიძლება.
“ადამიანის შეურაცხყოფა, რელიგიური შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის. როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, როდესაც ადამიანი მეჩეთში შედის და ლოცულობს, ეს მისი რწმენაა და არ უნდა შეურაცხყო. არ შეიძლება ღორის თავის მიჭედება მედრესეზე, არ შეიძლება ჯვარზე ღორის გაკვრა. ყველა რელიგიას აქვს თავის დოგმატიკა და აქედან გამომდინარე, ამის განსაზღვრა თუ არის შეურაცხყოფა, ძალიან ადვილია. შეურაცხყოფად განისაზღვრება, რომ ადამიანი როდესაც ლოცულობს არ უნდა დასცინო, როდესაც პირჯვარს იწერს, არ უნდა დასცინო. ადამიანი როდესაც რომელიმე წმინდანზე გამოხატავს თავის გრძონას, არ უნდა დასცინო”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, სახალხოდ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია.
“დედის გინება არ შეიძლება. დედაზე რომ გაგინებენ, ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, თუმცა უბედურება რომ არ მოხდეს კანონში უნდა ჩაიწეროს რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. წადი სახლში და რამდენიც გინდა “იღადავე” და საზოგადოებაში ნუ აკეთებ ამას. სახალხოდ ნუ შეურაცხყოფ ადამიანს და მის რელიგიურ გრძნობებს”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ევროპულ ქვეყნებშიც ისჯება.
“ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ჩამოვთვლი ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს უკვე განსაზღვრულია და ასახულია კანონში: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი. ისრაელში 18-თვიანი პატიმრობაა. ჯარიმებია იტალიაში, გერმანიაში. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს”, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
ცვლილებების მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
“კანონპროექტის მიღების მიზეზია, ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფა”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თბილისის მერიამ ბევრი რეფორმა განახორციელა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას