სოსო ცინცაძე – “მამუკა ხაზარაძე იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ ავა”

ჩვენ ვიმკით რას? – „ნაციონალები“ ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, ფაქტობრივად, კოალიციაში აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ჩვენ ვიმკით რას? – „ნაციონალები“ ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, ფაქტობრივად, კოალიციაში აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავს– ბატონო სოსო, თიბისი ბანკთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკურ რევანშზე საუბრობს. იხსენებენ კვირიკაშვილის და ხაზარაძის მეგობრობას, ანაკლიის პორტს და ა.შ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი სწორად იქცევა. თქვენ რას იტყვით?
– მამუკა ხაზარაძე არ არის ჩვეულებრივი, რიგითი, პატარა ბიზნესმენი, რომელსაც ლევან მურუსიძის იქით გზა არ აქვს. მამუკა ხაზარაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, ნომერ პირველი პროფესიონალი ადვოკატები დაიქირავოს და თავისი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაიცვას და დაიცვას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ადგილზე.
მე არ მიკვირს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ივანიშვილის კვალზე საუბრობს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ თვით გამოცდების გაუქმებაშიც კი პოლიტიკა დაინახა და დაასკვნა, რომ ეს მოზარდები ამომრჩევლები გახდებიან და ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილებაო.
– გამორიცხავთ, რომ მამუკა ხაზარაძემ თავი ქვიშაში კი არ ჩარგოს, არამედ ღიად ისაუბროს და პოლიტიკურ პროცესებშიც ღიად გამოჩნდეს და 2020 წლისთვის ოპოზიცია დააფინანსოს?
– არა, ამას სრულიად გამოვრიცხავ. ეს უფრო უტოპია მგონია. არავინ იცის, ორი წლის შემდეგ ხაზარაძე შეიძლება საერთოდ ჯიბეგამოხეული დარჩეს. სასამართლო პროცესები თუ დაიწყო, ეს უკვე წლების მანძილზე გაიჭიმება.
ბადრი პატარკაციშვილის სასამართლო პროცესები ხომ გახსოვთ, რამდენი ხანი გაგრძელდა დროში. ხომ ხედავთ, ლონდონის ბირჟაზე უკვე როგორ დაეცა “თიბისის” აქციების ფასი. ახლა მის თავს სულ სხვა პრობლემებია, მას ჯერ საკუთარი იმიჯი აქვს გადასარჩენი. ამიტომ, არ მგონია მამუკა ხაზარაძემ უცებ ბადრი პატარკაციშვილის როლის თამაში დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ამას გამოვრიცხავ.
– თუნდაც თავდაცვის მიზნით.
– არ მგონია, ის უფრო სამართლებრივი გზით წავა, არ ვფიქრობ, რომ ხაზარაძე ბარიკადებზე ავიდეს. არა, ამას არ ველოდები მისგან. ხაზარაძეს 2020 წლის არჩევნებისთვის სხვა თავის ტკივილი ექნება.
– რა?
– როგორ გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც კი შესაძლებელი იქნება. დანაკარგები ძალიან დიდი იქნება, ეს არ არის მარტივი საქმე, საუბარია ბანკზე, ფინანსურ სექტორზე, აქ ყველაფერი თვლადია. უკვე ცხადია, რომ ამ დავიდან ხაზარაძე ჯიბედაცარიალებული თუ არა, ნაკლები რესურსებით გამოვა. ამიტომ, მე არ მგონია, რომ მას პოლიტიკისთვის ეცალოს და დარჩენილი რესურსები პოლიტიკისკენ მიმართოს.
მამუკა ხაზარაძისგან მე სრულად გამოვრიცხავ ბადრი პატარკაციშვილს და თუნდაც 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს.
თავის დროზე ერთსაც ჰქონდა მიზეზი და მეორესაც, რომ პოლიტიკაში მოსულიყვნენე და, მოდი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ექციათ მთავარ ბიზნესად.
– და ეს მიზეზი დღეს ხაზარაძეს არ აქვს?
– შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ უკვე გვიანაა. ახლა ის დროა, რომ ხაზარაძემ რაც აქვს, ის გადაარჩინოს.
– ეს პროცესი ქვეყნის იმიჯზე როგორ იმოქმედებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ შელახავს? უკვე ელჩები აცხადებენ, რომ პროცესს აკვირდებიან.
– რაც შეეხება ქვეყნის იმიჯს, აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. ეს არ არის რომელიღაც სოფლის დუქანი, რომლის ბედი არც არავის აღელვებს.
პოლიტიკური კრიზისი, სამთავრობო კრიზისი ნებისმიერ ქვეყანაში ბევრად უფრო თვალშისაცემია, ბევრად უფრო ხმაურიანია, მაგრამ დიდ კითხვის ნიშნებს არ იწვევს, ეს მაინც აღიქმება, როგორც ქვეყნის საშინაო პოლიტიკა. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ფინანსურ სექტორს და იქ მიმდინარე კრიზისს, ეს შეიძლება ასეთი ხმაურიანი არ იყოს, თუმცა, ამ შემთხვევაში ინტერესი ერთიორად იზრდება.
დღეს მსოფლიოს ფინანსური სფეროს კაპიტნები განაგებენ, ამიტომ ელჩები რომ აკვირდებიან ამ საქმის ყველა დეტალს, ეს გასაგებია და დააკვირდებიან კიდეც, რომ შემდეგ თავიანთ ქვეყნებში წაიღონ ინფორმაცია. ამიტომ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეროვნული ბანკის მოტივაციაში ოდნავადაც კი ეჭვი შეიტანონ. თუ პროცესი არ იქნა გამჭვირვალე და ამას ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაშინ სერიოზული კითხვები გაჩნდება.
ახლა ყველაზე მთავარი კითხვა იმაშია, ეროვნული ბანკი შეძლებს კი საერთაშორისო არენაზე დაამტკიცოს, რომ აქ პოლიტიკის ნასახიც კი არ არის. თუ ვერ შეძლო და ოდნავადაც კი გაჩნდა ამის ეჭვი, ეს ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით არანაირი ინვესტიცია არ წამოვა.
მე მაინც მგონია, რომ ეს ხელისუფლებას კარგად ესმის და კარგად აქვს გაცნობიერებული ამ საქმის მნიშვნელობა ყველა მიმართულებით. მმართველი პარტიის, ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესშია, რომ ამ საქმეში ოდნავადაც კი არ გაჩნდეს ეჭვი. კიდევ ერთი, რაც დღეს აშკარად ჩანს, არის ის, რომ ხაზარაძე დანებებას არ აპირებს და ბრძოლა გაგრძელდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მმართველი პარტია დომენტი იგივე ზვიად სიჭინავას კანდიდატურას წარადგენს?
შემდეგი სტატიაჩინეთისთვის განკუთვნილი რუსული С-400 განადგურებულია