SOS!!! ვინ გადასცა გრიფით საიდუმლო მასალები რუსულ სპეცსამსახურს?!

SOS!!! ვინ გადასცა გრიფით საიდუმლო მასალები რუსულ სპეცსამსახურს?!

მაფიამცოცავი ოკუპაცია და მავთულხლართები, გაზრდილი რუსული გავლენები და გეორგიევსკის ლენტებით ქუჩა-ქუჩა სირბილი, ხურჩაში ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია და დაუცველი საზღვარი. ყოფილი პრემიერის ღია წერილში ამ მნიშვნელოვან თემებზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში სააკაშვილი 13-ჯერ ახსენა, კვირიკაშვილი კი მხოლოდ ერთხელ. გულწრფელად გვითხრა: მთელ რესურსს დახარჯავს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდეს.
2016 წლის არჩევნებზე, 2012 წლის მსგავსად, ორი პოლუსი იქნება _ მიშა და ბიძინა. შესაბამისად, არჩევანიც რუსულ და დასავლურ ორიენტირებს შორის მოგვიწევს.
არადა, რუსული საფრთხე რეალურზე რეალურია. ფაქტები, რომელზეც „ქრონიკა+“-ის წყარო მოგვიყვა, ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს. პროცესები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ძალოვან უწყებაში დაიწყო და დღემდე გრძელდება, კატასტროფის მომასწავებელია. ფაქტობრივად, მოშლილია სისტემა და ფსბ-ს ფილიალად ქცეული ქართული სპეცსამსახური. არარსებული საზღვარი საოკუპაციო ზოლზე და არნახული მასშტაბის კონტრაბანდა, ყოფილი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების განცხადებები, რომ აფხაზეთის მიმართულებაზე მომუშავე ძალოვნები ან ციხეში სხედან, ან საეჭვო ვითარებაში არიან გარდაცვლილები; რომ გენერალური ინსპექცია, რომელსაც პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა, ღიად ასრულებდა რუსული გრუ-ს დავალებებს! ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების რუსულ კავშირებს მოგვიანებით, ისევ დავუბრუნდებით, ახლა კი მოკლედ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც აფხაზეთის მიმართულებაზე მომუშავე ძალოვნების დაპატიმრებას და მათზე ზეწოლებს უძღოდა წინ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კოდორის ხეობა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში, ფაქტობრივად, არ შედიოდა. შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“, რომელსაც პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით საბოლოოდ გაუქმდა კიდეც. პრეზიდენტის რწმუნებულმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ქართულმა მხარემ კი 2007 წლის აგვისტოში კოდორში იურისდიქციის აღდგენის მიზნით სპეცოპერაცია დაიწყო კოდური სახელწოდებით „კოდორი 2007“. რუსულმა მხარემ ხეობა დაბომბა, სპეცოპერაციის დროს კი ქართველმა სპეცებმა მოკლეს რუსი გენერალი, რომელიც კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში აფხაზ ბანდფორმირებებს წვრთნიდა. კოდორში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დაკავებამდე ორი კვირით ადრე ირაკლი ფირცხალავამ „ქრონიკა+“-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მან პირველმა გაახმოვანა, რომ რუსი გენერალიტეტი „კოდორი 2007“-ის მონაწილე ძალოვნების დაპატიმრებას და სამაგალითო დასჯას ითხოვდა და ეს პროცესი ქვეყანაში კარგა ხნის დაწყებული იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით ქართულ სპეცსამსახურს მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციას იღებდნენ, მკაცრად კონტროლდებოდა საზღვრები და მეტიც, ქართველმა სპეცებმა „კოჭოია“ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ააცალეს ცხვირწინ კარგად გაწვრთნილ და კბილებამდე შეიარაღებულ რუსებს. რომან შამათავას ჯგუფზე ლეგენდები დადიოდა სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამ ლეგენდის ნაწილია ის ტერორისტული აქტი, რომელიც ქართველმა სპეცებმა იმ რესტორნიდან 150 მეტრში განახორციელეს, სადაც აფხაზეთში ჩასული ვლადიმირ პუტინი ვახშმობდა. ტერაქტის მიზანი პუტინის ლიკვიდაცია არ ყოფილა, ეს უფრო ძალისა და გამოცდილების დემონსტრირებას ჰგავდა.
სწორედ ამიტომაც გახდა რომან შამათავა პირველი სამიზნე.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისვლისთანავე კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმი დაშალა და სამაჩაბლო ოკუპაციის ზოლთან ერთად დაუცველი დატოვა. მერე უკვე აფხაზეთის მიმართულების დასუსტება დაიწყეს, აფხაზეთის კუდ-ის უფროსი და მისი ჯგუფის წევრები ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს. რომან შამათავა განსაკუთრებული სამიზნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, მისთვის ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული. მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ხურჩის ეპიზოდზე ისე აგროვებდა შამათავას ჯგუფზე მასალებს, კბილაშვილმა ეს შამათავას დაკავების დროს გაიგო. ლაშა ნაცვლიშვილის რუსულ კავშირებზე დეტალურად აღარ შევჩერდებით. არავინ იცის, რა მოხდა პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რა ზეწოლები განხორციელდა რომან შამათავაზე და იყვნენ თუ არა ამ საქმეში ჩართული რუსი ინსტრუქტორები, მაგრამ „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ რომა შამათავამ „კაპეზე“-ში ვენები გადაიჭრა და ის სიკვდილისგან შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილეებმა, ლევან იზორიამ და გელა ხვედელიძემ იხსნეს, მიუსწრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ რომან შამათავამ მხოლოდ ის თქვა, რომ ვენები წამახვილებული ასანთის ღერით გადაიჭრა. ალბათ, დადგება დრო, როცა საზოგადოება ამ გაუხმაურებელი ფაქტის ირგვლივ სიმართლეს გაიგებს.
შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თავთუხიშვილი, მისი შვილის, შალვა თავთუხიშვილის ტრაგიკულ ბედსაც რუსების დაკვეთას უკავშირებს. ის ასევე ამბობს, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია მიყოლებით იტაცებდა სპეცოპერაციის მონაწილეებს, ზეწოლით ან მედიკამენტური ზემოქმედებით აიძულებდა მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირი გარდაცვლილია, გარდაცვლების მიზეზად, რიგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რიგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობა სახელდება.
მეორე მიმართულება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის მიმართულებას შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც აკონტროლებდა, სამხედრო პოლიცია იყო. ამ მიმართულებაზე მეგის ქარდავა მუშაობდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო პოლიციამ სხვა ფუნქციები შეიძინა, პოლიტიკოსებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების პირადი ცხოვრების შანტაჟით დაკავდა. მეგის ქარდავა გაქცეულია და მას მაინცდამაინც არავინ ეძებს, ისევე როგორც უცხოეთში მშვიდად ცხოვრობს ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი, რომლის რუსულ კავშირებზე, ჯერ კიდევ, მაშინ ალაპარაკდნენ, როცა კულუარებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსულ ფსბ-ს პირადად ვანო მერაბიშვილზე მიაწოდა სკანდალური ვიდეო.
რომან შამათავასა და მისი ჯგუფის საბოლოო განეიტრალების შემდეგ ექსპრემიერის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას გააქტიურება და მასთან კავშირების აღდგენა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თამაზაშვილ-ჯანყარაშვილი სამეგრელოს გუბერნატორის, ირაკლი შონიასა და მისი ძმის მეშვეობით დღემდე აკონტროლებენ აფხაზეთის მიმართულებით თხილის, ჯართის, იარაღისა და სიგარეტის კონტრაბანდას (ამ თემაზე „ქრონიკა+“ დეტალურად უკვე წერდა).
რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები საქართველოში შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნისთანავე გამოჩნდნენ. რუსეთში მცხოვრები „რკინის კაცი“, კახა თარგამაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პირადად დაუკავშირდა თამაზ თამაზაშვილს, რომელიც 1999-2000 წლებში ჯერ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად, ხოლო შემდეგ, 2002 წლამდე, კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად ჰყავდა დანიშნული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არსებობს თამაზაშვილისა და თარგამაძის საუბრის ჩანაწერებიც, სადაც ისინი საქართველოს დალაგების გეგმას განიხილავენ. საქართველოში ჩამოსულ რუს გენერლებთან რამდენიმე კონფიდენციალური შეხვედრა პირადად ჰქონდა ზვიად ჯანყარაშვილსაც. გარდა იმისა, რომ გენერალური ინსპექცია აქტიურად მონაწილეობდა „კოდორი 2007“-ის წევრების დაკავება-განეიტრალებაში და ამით პირდაპირ ასრულებდა რუსული „გრუს“-ს დავალებებს, მათივე მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მინდია ჯანელიძე დანიშნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ მინდია ჯანელიძის ხელით მიიღეს რუსულმა სპეცსამსახურებმა შს სამინისტროში საიდუმლო გრიფით დაცული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, მათ შორის, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ქართული აგენტურული ქსელის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში ღარიბაშვილის ცოლის სანათესავომ საკმაოდ სერიოზული გასამრჯელოც მიიღო. ამავე ჯგუფმა გადასცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები მოქმედ პოლიტიკოსებზე რუსებს, მათი ნაწილი ინტერნეტსივრცეში უკვე აიტვირთა, ხოლო გამოძიება, დაპირების მიუხედავად, ადგილიდან არ იძვრის. მოგვიანებით, რუსებისვე მოთხოვნით, მინდია ჯანელიძე, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს და თავდაცვის სამინისტროდანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გადაცემული რუსებისთვის. სწორედ ამ დამსახურებისთვის და რუსული „ფსბ“-სთვის ანგარიშის გაწევის ნიშნად, მინდია ჯანელიძე ისევ სახელმწიფო სამსახურშია, პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობს და ამჯერად უკვე კანცელარიაში მიუწვდება ხელი მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, თუ, ცხადია, ამ ქვეყანას საერთოდ რამე დარჩა გრიფით საიდუმლო.
2013 წლის ბოლოს, 2014 წლის დასაწყისში რუსული სპეცსამსახურები ქართულ ციხეში წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული რუსი ჯაშუშების სანაცვლოდ, ქართულ მხარეს იმ 12 პირის გადმოცემას სთავაზობდნენ, რომლებიც ანალოგიური ბრალდებით ჰყავთ დაკავებული რუსეთში, მაგრამ ეკა ბესელიას გაუმაძღარი მადის გამო მან ჯაშუშობაზე დაკავებული პირები პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა და რუსეთის ციხეში გამოკეტილი ქართველები არავის გახსენებია. არსებობს ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიამ რუსებისგან ასევე სოლიდური გასამრჯელო მიიღო.
2014 წლის ზამთარში თბილისში ამჯერად ჩეჩნები გამოჩნდნენ. ერთი მათგანი, მუსა, ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეში თამაზაშვილის ყოფილი მოკავშირე იყო პანკისში. იმხანად ექსპრემიერის სიმამრი კახეთში იშვიათად ჩადიოდა და ჩეჩნებმაც თბილისში ჩამოაკითხეს. მუსა ვიწრო წრეში ამბობდა, რომ კადიროვმა სიტუაციის დასალაგებლად გამოაგზავნა. რას ნიშნავდა სიტუაციის დალაგება, იარაღის კონტრაბანდას თუ პანკისის მსგავსად ნარკოტიკების ახალი ტრასის „გაიასნებას“, ეს, ჯერჯერობით, საიდუმლოდ რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, რუსები თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი იყვნენ, ღარიბაშვილის გარემოცვა იმაზე აწერდა ხელს, რაზედაც ბიძინა ივანიშვილი არ მიდიოდა, იმიტომ რომ, მეორე მხრივ, ამერიკელებს ეკეკლუცებოდა და მათთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა. ამიტომაც დაიგეგმა „პლან-ბ“, რომელიც შიდა სახელისუფლებო კარის გადატრიალებას და ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად ღარიბაშვილის დასმას ითვალისწინებდა.
რუსული სპეცსამსახურებისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი გეგმა, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერ ივანიშვილს გასული წლის დეკემბერში სწორედ ამერიკელებმა მიაწოდეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან მოულოდნელი გადაყენება მოჰყვა. შეთქმულების შემდგომი გეგმა საკონსტიტუციო სარჩელი, ქუჩაში მასობრივი პროტესტი და ღარიბაშვილის ახალი პარტიის შექმნა ჩაიშალა. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბრძოლაში დამარცხდა, დამარცხდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან. მოგეხსენებათ, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ.
ალბათ, გავა წლები და აუცილებლად დავწერ, როგორ და რომელი სარწმუნო წყაროდან იღებდა დაზუსტებულ ინფორმაციას „ქრონიკა+“ კახელების შეთქმულების დეტალებზე და ამ რუსული გეგმის საბოლოო ჩაშლაში რა როლი აქვთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს.
წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. არჩევანი ისევ მარტივია – ან რუსეთი, ან დასავლეთი.

ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშისაქრთველოს პრეზიდენტი 6-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა
შემდეგი სტატიაჩეხი ევროდეპუტატი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს