SOS! სამეგრელოს კატასტროფა ემუქრება! (ფოტოები)

საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს – სამეგრელოს, ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

ზემოთ მოყანილი სიტყვები ბევრ ადამიანს შესაძლებელია ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს, ოღონდ არა სამეგრელოში და კერძოდ სამეგრელოს სოფლებში მაცხოვრებლებს, რომლებიც რეგიონის საერთო მოსახლეობის 60%-ზე მეტს წარმოადგენენ და რომლებიც დღეისთვის უკვე ხვდებიან, რომ რეგიონში მათ არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ საფრთხეს, ადამიანის ფრჩხილზე უფრო პატარა ბაღლინჯო – აზიურ ფაროსანად წოდებული მწერი ქმნის.


დავიწყოთ იმ ფაქტიდან, რომ სამეგრელოს მოსახლეობა დღეისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს – თხილის გარეშე დარჩა… აზიურმა ფაროსანმა არა მარტო გაანადგურა წლევანდელი თხილის მოსავალი, არამედ დაავადა თავად თხილის კულტურა ისე, რომ ნორმალურ მოსავალს ალბათ კარგა ხანს ვერ გასცემს.
მიუხედავად თხილის განადგურებით მიყენებული მძიმე ეკონომიკური დარტყმისა, სამეგრელოს კატასტროფული მდგომარეობა ჯერ კიდევ არ დაუდგებოდა, რომ აზიური ფაროსანი მხოლოდ თხილის კულტურას ,,დევნიდეს,,… რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აზიურ ფაროსანს შეუძლია დააზიანოს და გაანადგუროს ნებიმიერი მცენარის ნაყოფი, რომელიც კი სამეგრელოში გლეხებს ამ დროისთვის მოჰყავთ. მას შეუძლია დააზიანოს და გაანადგუროს თავად მცენარეები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები… აზიურ ფაროსანს და მის მილიარდობით პოპულაციას სამეგრელოში, შეუძლია დააზიანოს მთელი სამეგრელოს ფლორა, რაც ავტომატურად ფაუნის განადგურებასაც გამოიწვევს.
სიმინდი, ლობიო, გოგრა, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ატამი, ხურმა… ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ აგრო-კულტურებისა, რომლის მოსავალის უდიდესი უმეტესობა, წელს სამეგრელოში აზიურმა ფაროსანმა გააფუჭა და უვარგისი გახადა. ყველაზე მძიმე დარტყმა კი – მაინც სიმინდზე მოდის.
სამეგრელოს გარეთ მცხოვრებმა ადამიანებმაც კი იციან რას ნიშნავს მეგრელი გლეხისთვის სიმინდი… სიმინდი მარტო ღომი, მჭადი, ელარჯი თუ ჭვიშტარი არ არის… სიმინდი და მისი ჩალა, მეგრელი გლეხისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტია, რათა მან გაზარდოს და გამოკვებოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი და შინაური ფრინველები… საიდანაც უნდა მიიღოს ხორცი, ყველი, სხვადასხვა რძის პროდუქტი და კვერცხი. გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ დიდწილად სიმინდთანაა დაკავშირებული მეგრელი გლეხის ცხოვრება სამეგრელოში. სწორედ სიმინდის ფასი განაპირობებს ბაზარზე საქონლის, ღორის, ქათმის ხორცისა და რძის პროდუქტების ფასს. სიმინდის კულტურის გარეშე დარჩენა, რაც დღევანდელი მონაცემებით რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, სამეგრელოში გლეხობისა და მთლიანად სოფლების განადგურების ტოლფასია.


-არის თუ არა პერსპექტივა, რომ მეგრელმა გლეხებმა შექმნილ რთულ სიტუაციას თავი დააღწიონ?
– ამ დროისთვის ასეთი პერსპექტივა არ ჩანს… აზიური ფაროსანის გასანადგურებლად გამოყოფილი ამერიკული დახმარება 10 მილიონი ლარის ოდენობით, როგორც მეგრელი გლეხები ამბობენ, ხელისუფლებამ ,,შეიტყაპუნა,,. მწერების შეწამვლის პროცესი, რომელიც ხელისუფლებამ მაისის თვისთვის დაგეგმა და ივლისში განახორციელა, ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა. ზოგიერთ სოფლებში ირწმუნებიან, რომ შეწამვლის შემდეგ მწერები კიდევ უფრო გამრავლდნენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ეს თანხები ხელისუფლებამ საკუთარი მხარდამჭერების დასასაქმებლად უფრო გამოიყენა, ვიდრე რეალურად საქმისთვის. ფაქტია, რომ შეწამვლის ღონისძიებაში დასაქმებულ ადამიანებს, არც შესაბამისი ცოდნა ჰქონდათ და არც მაღალკვალიფიციური ტრენინგი ჰქონდათ გავლილი. ისინი, ზოგიერთ გლეხს, შესაწამლად ერთ ჰექტარ თხილის ფართობზე 100 ლიტრი წყლის მიტანას თხოვდნენ, ზოგს კი – 200-ს. ბევრმა მათგანმა კი, იმ შხამქიმიკატის დასახელებაც კი არ იცოდა, რითაც შეწამვლას ახდენდნენ. თავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ თხილის კულტურის შეწამვლა მოხდა, ადასტურებს იმას, რომ მწერი – აზიური ფაროსანი, შესაბამის სამსახურებს სათანადოდ არ ჰყავდათ შესწავლილი. ხელისუფლებას შეწამვლის პროცესის დაწყებამდე არც მოსახლეობის ინფორმირებით შეუწუხებია თავი. უბრალო საინფორმაციო ბუკლეტებიც კი არ დაურიგებიათ სოფლებში, რომ არაფერი ვთქვათ ტელევიზიით საინფორმაციო რეკლამაზე და მოსახლეობის ინსტრუქტაჟზე.


პერსპიქტივასთან დაკავშირებით, აგრეთვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თუ რამდენად პროგრესირებადია აზიური ფაროსანის პოპულაცია სამეგრელოში. საშიში მწერის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა, სამეგრელოს მოსახლეობამ შარშან ადრე შემოდგომაზე შეამჩნია, როდესაც აგრილდა და ყველა სახლსა თუ სათავსოში ათასობით მწერი ცდილობდა შეღწევას და გამოსაზამთრებლად დაბუდებას. საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,, იყო პირველი, ვინც ამ მწერის სამეგრელოში დიდი რაოდენობით გამოჩენის შესახებ უამბო საზოგადოებას და ხელისუფლებას საფრთხის სიგნალი გაუგზავნა. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ წლევანდელისაგან განსხვავებით, შარშან ზაფხულში, ღია ცის ქვეშ აზიური ფაროსანის რაოდენობა თვალშისაცემი არ იყო. ამ დროისათვის კი, სამეგრელოს სოფლებში, ნებისმიერ ეზოში, ნებისმიერ ხეზე თუ ერთწლიან მცენარეზე, ასეულობით მწერი ზის და ანადგურებს ნაყოფს, ფოთლებს, ღეროებს და მთლიანად მცენარეს. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ამჟამად მწერები სახლებშიც დიდი რაოდენობით ბუდობენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით, აზიური ფაროსანის პოპულაცია სამეგრელოში სულ ცოტა 200-ჯერ გაიზარდა. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტიც, რომ შარშან აზიურ ფაროსანს სამეგრელოში არ დაუზიანებია ისეთი კულტურების ნაყოფი, როგორიცაა ყურძენი, გოგრა, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, ხურმა და სხვა. აზიურმა ფაროსანმა შარშან მხოლოდ თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა და სიმინიდის მოსავლის მცირეოდენი ნაწილი. წლეულს კი – ეს მწერი არა მხოლოდ ნაყოფიან მცენარეებზეა მომრავლებული, არამედ ანადგურებს უნაყოფო მრავალწლოვანი ხეების ფოთლებსა და ღეროებს, რაც მისი პოპულაციის საგრძნობ ზრდაზე და რაციონის გამრავალფეროვნებაზე მეტყველებს.
შარშანდელმა ზამთარმა (რომლის მსგავსი მკაცრი კლიმატური პირობები სამეგრელოს ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ახსოვს), 10-15 გრადუსიანმა ყინვებმა და მთელი თვის მანძილზე სქელი თოვლის ფენამ, აზიურ ფაროსანს ვერაფრი დააკლო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისაგან უპატრონოდ დატოვებულ მეგრელ გლეხებს ვერც ბუნების იმედად დარჩენა მისცემს შვებას. საშინელი წარმოსადგენია თუ რა ელოდება სამეგრელოს ბუნებას და სოფლად მცხოვრებ გლეხობას მომავალ წელს, აზიური ფაროსანის ერთი-ორასად მზარდი პოპულაციის პირობებში.


როდესაც წაღვერში 1 ჰექტარი ტყე იწვოდა, ხელისუფლებამ მის ჩასაქრობად არაფერი იღონა… და როდესაც ხანძარი 100 ჰექტარს მოედო, მის ჩასაქრობად რამდენიმე სახელმწიფოს დახმარება გახდა საჭირო. ვეჭვობთ, რომ აზიური ფაროსანის შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა ის მომენტი, როდესაც მის განადგურებას შეძლებდა. ვეჭვობთ, რომ მწერების შემოსევა სამეგრელოში მასშტაბურ კატასტროფაში გადაიზრდება, თუ ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიმართავს დასახმარებლად. ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არც ცოდნა, არც ნება არ გააჩნია მსგავსი მასშტაბის საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად… რაც შეეხება სახსრებს, რა თქმა უნდა მათ არც მწერების მოსასპობად და არც გლეხების კომპენსაციისთვის არ გამოყოფენ, რადგან ისინი მხოლოდ მათ ხელფასებზე და პრემია-დანამატებზე მატულობს – აზიური ფაროსანივით.

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ.ვიზიტის შესახებ
შემდეგი სტატიადუშეთის რაიონში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული