SOS – ეკის მთას ხელი არ ახლოთ!!!

eki45სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელისა და ჩინელი ინვესტორების მიერ ცემენტის ქარხნის მშენებლობის დაწყებას, პრეზიდენტ გამსახურდიას დროინდელი ეროვნული მოძრაობის წევრი და ჟურნალისტი, წარმოშობით  სენაკელი კახაბერ ადამია ეხმაურება…

,,მე–20–ე საუკუნის 80–ან წლებში, კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სენაკის რაიონის სოფელ ეკში, ეკის მთის საადამიოს  უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვის მომპოვებელ–გადამამუშავებელი საწარმოს გაეხსნა, რომელსაც ქვა ეკის მთიდან უნდა მოეპოვებინა.  1988 წლისთვის ამ ტერიტორიაზე უკვე აშენებული იყო საწარმოს განსათავსებელი შენობა და დანადგარებიც მიიტანეს ადგილზე… თუმცა ამ პერიოდში საქართველოში უკვე მომძლავრებული იყო ეროვნული მოძრაობა, რამაც მოსახლეობას ხელი შეუწყო იმაში, რომ პროტესტის გზით დაეცვათ ეკის მთა, რომელიც თავისი ისტორიული თუ ბუნებრივი მნიშვნელობით უნიკალურია.   თუმცა არც მაშინ ყოფილა ეკის მთის დაცვა მთლად ადვილი. იმხანად ამ პროცესში სხვებთან ერთად პირადად მეც ვმონაწილეობდი, როგორც ამ სოფლის მკვიდრი და როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნული პარტიები და მწვანეთა მოძრაობა ჩაგვერთო საქმეში და პროტესტის ამბავს თბილისამდე მიეღწია… რა თქმა უნდა საქმეში ჩართულები იყვნენ თბილისში მცხოვრები ჩვენი სოფლიდან წასული ადამიანებიც, რომელთაგან ყველაზე ატიური ქალბატონი ჯულიეტა ადამია გახლდათ, რომლის დამსახურებაა, რომ პროცესში როგორც საქართველოს ასევე უზბეკეთის გეოლოგიური ლაბორატორიები და მეცნიერები ჩაერთნენ. შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც შემდეგი სახის დასკვნა დადო ეკის მთის შესახებ:

,, რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელების სიხშირეს, რის გამოც ეკის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებითაცაღსანიშნავია ასევე თერმული, მინერალური და კარსტრული მტკნარი წყაროებიცეკის მთაც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად დგას ტბაზე და ხელოვნურად, თუნდაც ერთი ლოდის ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მთაზე ბუნებრივად უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არა მხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ საერთოდ კოლხეთის დაბლობსაც დააზარალებს,,

eki3

თუ ამ დასკვნას დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ეკის მთაზე სულ ცოტა 3 უძველესი ისტორიული ძეგლი დგას, რომელთა შორის ათასწლოვანი ეკის ნათლისმცემლის ეკლესია–მონასტრის აღდგენითი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს… და იმ მოსაზრებებსაც, რაც ფრანგული და სხვა უცხოურ ექსპედიციების ხელმძღვანელებს ეკის მთის და მისი წყლების შესწავლის შედეგად აქვთ გაკეთებული, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს მთა ქვეყნის უნიკალური საგანძურია და მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება!!! აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ცეზარ ჩოჩელის და მისი ჩინელი პარტნიორების მიერ სოფელ ნოსირში მშენებარე ცემენტის ქარხანა, თუ ეკის მთაზე მოპოვებული წიაღისეულის იმედად არის, ჩათვალონ, რომ ეს ინვესტიცია ფუჭად ჩაუდიათ, რამეთუ ეკის მთის დანგრევის უფლებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ უფლებას სახელმწიფომ მისცეს მათ – ხალხი არ მისცემს… და თუ მაინც არ მოეშვებიან, ამას არამხოლოდ ბუნებრივი, არამედ სოციალურ–პოლიტიკური კატაკლიზმები შეიძლება მოჰყვეს! მე ვიცი ადგილობრივების განწყობა ამ პროცესების მიმართ და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ამბავს 100 კაცის დასაქმებით და ვიღაც–ვიღაცეებისათვის გაკეთებული დაპირებებით ვერ მიჩქმალავენ!

არც ერთი ჭკუათმყოფელი ქართველი, საქაართველოში დიდი ქარხნის მშენებლობის და ინვესტიციის ჩადების წინააღმდეგი არ შეიძლება იყოს, თუ ეს საწარმო იქაურ მაცხოვრებლებს და გარემოს არ შეუქმნის საფრთხეს… მაგრამ ეკის მთისათვის ხელის ხლების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საფრთხე გარდაუვალი იქნება.

eki1

ჩემი განცხადების მიზანია  SOS სიგნალი გავუგზავნო ყველა სახელმწიფო ორგანოს ვისაც ეს საკითხი ეხება,  ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს და კონკრეტულად იმ ადგილზე მდებარე ბუნებრივი და ისტორიული ფასეულობები, იმისათვის, რომ დავიცვათ ქვეყნის უნიკალური საგანძური! ვთვლი, რომ სახელმწიფომ საწრაფოდ უნდა შექმნას კომისია, დამოუკიდებელი როგორც ადგილობრივი – ასევე უცხოელი ექსპერტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რათა ღრმად საფუძვლიანად იქნას შესწავლილი ეკის მთის ბუნებრივი და ისტორიული რესურსები, მათი მნიშვნელობა, რომ  ერთხელ და სამუდამოდ ეს ზონა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, რათა ყოველ მომდევნო თაობას ხელახლა არ მოუწიოს მისი დაცვისთვის ბრძოლა!,,

 

 

 

banner
წინა სტატიაშისომხეთი ტვირთის გადასაზიდად საქართველოსთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო