სოფო ვერძეული: დიახ, აქცია 10 საათიდან გახდა ძალადობრივი, დემონსტრანტთა დიდი ჯგუფი ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დიდი ხანია, ცხოვრებას საშინლად მირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება და სამართლიანობის ხაზების უზუსტესად გავლების სურვილი, მაგრამ ეს ღირსეული ბრძოლისთვის საჭირო და აუცილებელი მგონია.
20 ივნისი უმძიმე დღე იყო ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ახალი მსხვერპლები და უმძიმესი ისტორიები შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე.
თუმცა, არ არის საჭირო, ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება, თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია.
დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას , ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;

პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.

არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი, დარჩე ადეკვატური და სამართლიანი“, – წერს ვერძეული.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე – არც კი უკადრებიათ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ჩემთვის შეკითხვები დაესვათ
შემდეგი სტატია“ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები – ჯგუფური ძალადობა პოლიციელებისადმი და პარლამენტში შეჭრის მცდელობა” – ნათია მეზვრიშვილი