სოფო კილაძე – პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, გამოიყენა გავრილოვის ძალიან სამწუხარო შემთხვევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს ყველა იმ პოლიციელსა და მოქალაქეს, ვინც 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალდა. ამის შესახებ სოფო კილაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, „იმ პოლიტიკური ძალისა და ადამიანების კისერზეა“ 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულების სისხლი, რომლებიც შეეცადნენ პარლამენტის შტურმით აღებას.

„ცალსახა პოზიცია არის, რომ ჩვენ ვნახეთ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. ვინც საჭიროა, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოიკითხოს გამოძიების ფარგლებში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი მეორე თემაა. ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიციელებიც არიან დაზარალებული, რომელთაც ასევე უფლებები აქვთ. სამწუხაროდ, რატომღაც ეს ნაწილი არ ხდება ხოლმე განსჯის საგანი. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, რადგან იცის, რომ სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ მოვა, გამოიყენა გავრილოვის ძალიან სამწუხარო შემთხვევა და შეეცადა, შემოვარდნილიყო პარლამენტში, შეეცადა, შტურმით აეღო პარლამენტი, რომ მოსულიყო კვლავ ხელისუფლებაში. ამიტომ მგონია, რომ სწორედ ამ ადამიანების კისერზე არის იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც დაზიანდნენ 20 ივნისის მოვლენების დროს, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები.

არა ერთხელ მითქვამს, რომ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დაზარალდნენ და ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა. თქვენ მეკითხებით მხოლოდ რვა დაზარალდა თუ არა და მე გეუბნებით, რომ ვინც დაზარალდა, ყველას უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი. რვაზე მეტი არის გეუბნებით და მეტი რა გავაკეთო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილმა ნინო ლომჯარიას გიორგი რურუას საქმისა და 20 ივნისის მოვლენებზე პრემიერის განცხადების შეფასება სთხოვა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიურია