სოფო კილაძე : მოზარდის გარდაცვალების საქმეში ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა არაადამიანობა იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ხელს არავინ არავის დააფარებს. როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა არა მხოლოდ გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და გამოიკვეთოს ყველა დამნაშავე, არამედ შეიქმნას ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ბავშვთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

„ამ პროცესში აუცილებელია ოჯახის, სკოლისა და სხვადასხვა სახელმწიფო სისტემების ჩართულობა, ასევე სტრუქტურების კოორდინირებული ქმედება იმისთვის, რომ რაღაც პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ბავშვი კი არ გავრიყოთ და დავტუქსოთ, არამედ ნორმალურ ფარგლებში ჩავაყენოთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფარებს და სწორედ ამიტომ ვთხოვე სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას მოსვლა, რომ ყველა დეტალი გავიარო, რათა საზოგადოებას კითხვა არ დარჩეს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი შემთხვევაა და ვინმესთვის ხელის დაფარებაზე საუბარი არის არარელევანტური და ვინმეს მხრიდან ამის მცდელობა იქნება არაადამიანობა“, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანზეც.

„თუ ამ კონკრეტული პირის, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ სტრასბურგმა პირდაპირ გამოიტანა დასკვნა და ეს ადამიანი კიდევ რჩებოდა ამდენი ხანი სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. სანამ რაიმე დეტალურ განცხადებას გავაკეთებ, აუცილებლად უნდა გავესაუბრო სახელმწიფო ინსპექტორს, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია. თუმცა, თუ ნამდვილად ასე იყო და სტრასბურგის დასკვნა არსებობს კონკრეტულად ამ ადამიანთან მიმართებით და ის არის მოხსენიებული კონკრეტულ საქმეში, რა თქმა უნდა, მის მიმართ რომ კანონით განსაზღვრული არც ერთი ღონისძიება არ გატარდა, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ძალიან რთულია, ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა
შემდეგი სტატიაერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს