სოფო კილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატების შერჩევა პროცედურების შესაბამისად წარიმართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატების შერჩევის პროცესი პროცედურების შესაბამისად წარიმართა.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად კანდიდატი უნდა იყოს ან მართლმსაჯულების სფეროში, ან ადამიანის უფლებების სფეროში, ან სამართალდამცავ სფეროში შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი და ერთ-ერთი ასეთია ლონდა თოლორაია.

დეპუტატის ცნობით, კომისიის ფარგლებში, ყველა კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, სულხან სალაძისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის პრეტენზიები. მოტივაცია ემსახურება იმას, რომ კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარმოადგინოს და ეს ხედვა წარმოდგენილი იყო კომისიის ფარგლებში. კანდიდატებისგან მათი ხედვა და მოტივაცია სხვადახხვა საკითხებზე მოვისმინეთ. უცნაურია, როცა ერთ შემთხვევაში აპელირება ფორმალურ მოთხოვნებზე არ ხდება, როგორიცაა ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა და მეორე მხრივ, აპელირება ხდება იმაზე, რომ მოტივაცია დაწერილი ფორმით არ იყო წარმოდგენილი მაშინ, როცა მათგან მოტივაცია ზეპირი ფორმით მოვისმინეთ”, – განაცხადა კილაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატების თაობაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი ქართველია
შემდეგი სტატიაპოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი